სოხუმში დენის გადასახადს აბონენტთა მხოლოდ 30% იხდის

სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ელექტრომოწყობილობების მართვის განყოფილება („სუესი“) შემოდგომა-ზამთრის სიცივეებს მოუმზადებელი ხვდება, რის გამოც ე.წ. მერიაში საგანგებო სხდომა გაიმართა.

„ყველა ქვესადგურზე სამუშაო დიაპაზონში დატვირთვა თანაბრად იზრდება და მალე პიკს მივაღწევთ,“ - აცხადებს „სუესის“ ხელმძღვანელი, ტიმურ ჯინჯოლია. მისი მონაცემებით, სექტემბერში ელექტროენერგიის მოხმარება 28 მილიონ კვტ.სთ-ს შეადგენდა, რაც 2019 და 2020 წლებთან შედარებით, 4 მილიონი კვტ/სთ-ით ნაკლებია.

საგანგებო სხდომაზე მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის სტატისტიკა განიხილეს. „სუესის“ დეპარტამენტის, „ენერგოსბიტის“ ხელმძღვანელის მონაცემებით, დენის გადასახადს სტაბილურად მხოლოდ აბონენტების 30 პროცენტი იხდის. ამ დაბალ მაჩვენებელს ისიც ემატება, რომ ურჩი გადამხდელების გათიშვა ორი წელია, რაც პანდემიის გამო შეჩერებულია.

„ენერგოსბიტის“ უფროსის, ჯამბულატ არშბას მონაცემებით, სექტემბერში სოხუმში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი ნაკლებია, ვიდრე იყო აგვისტოში და 8 875 600 რუბლი (123,592 დოლარი) შეადგინა. მესამე კვარტალში, ანუ ივლისი-სექტემბრის პერიოდში სულ 27 831 800 რუბლი (387 554 დოლარი) იქნა ამოღებული.

სოხუმის გამრიცხველიანობის მაჩვენებელი მეტად დაბალია და ქალაქში სულ 5200 მრიცხველია დამონტაჟებული.

დე ფაქტო ადმინისტრაციას შედგენილი აქვს სია, რომელშიც უკანონო სამფაზიანი დაერთების 2000 მისამართია აღნუსხული.

„რაც შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც კრიპტოვალუტის მოპოვებით არიან დაკავებული, 11 ობიექტის მასალა სასამართლოს გადაეგზავნა და მასში ჯარიმის სახით 277 500 რუბლი (3 865 დოლარი) არის განსაზღვრული. შვიდ აბონენტზე უკვე სასამრთლო გადაწყვეტილება გვაქვს, რომელთა დაჯარიმების შედეგად ბიუჯეტში 103 500 რუბლი (1 442 დოლარი) შევიდა,” - აცხადებს დე ფაქტო ადმინისტრაციის ტექნიკური და ენერგეტიკული ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ერიკ კოკოსკერია.

მისი მუშაობით სოხუმის დე ფაქტო მერი, ბესლან ეშბა უკმაყოფილოა, რომელიც აცხადებს, რომ საზედამხედველო სამსახურს კრიპტომაინინგის სულ 42 შემთხვევა აქვს გამოვლენილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

„ვერ გამიგია, ამ მისამართების გადამოწმების ისტორია ლოგიკურ დასასრულამდე რატომ არ არის მისული,“ - აცხადებს ეშბა, რომელიც მოითხოვს, რომ უკანონო დაერთებებზე კონტროლი გამკაცრდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ