ქედასა და ხულოში გზების გაწმენდა მიმდინარეობს

ქედაში, მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 80 სმ-ს მიაღწია, დაბაში კი 35 სმ-ია.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის ინფორმაციით, ცენტრალური გზები მთლიანად გაწმენდილია. ასევე დაწყებულია თემებთან და სოფლებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება, შიდა სასოფლო გზებზე კი ორხიდიანი მანქანები შეუფერხებლად გადაადგილდებიან. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, თოვლის საფარის სიმაღლე დაბაში 15 სმ, სოფლებში კი 40 სმ-ია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში ყინვა იყო და გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე შეუძლებელია.

"ხულო-დანისპარაულის, ხულო-ღორჯომის და ხულო-ბაკიბაკოს მიმართულებით დაწყებულია ტექნიკური მარილის მოყრა. დაახლოებით ერთ საათში დაიწყება ხულო-ბათუმის და ხულო-რიყეთის მიმართულებით იგივე სამუშაოების შესრულება. ელექტროენერგია მუნიციპალიტეტს შეუფერხებლად მიეწოდება, თოვა შეწყდა, სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემები არ შექმნიათ", - განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.