მსოფლიო ქვეყნები 15%-იან კორპორატიულ გადასახადზე საბოლოოდ შეთანხმდნენ

მსოფლიოს, დაახლოებით, 136 ქვეყანა 2023 წლიდან საერთაშორისო კომპანიებისთვის მინიმუმ 15%-იანი კორპორატიული გადასახადის დაწესებას დათანხმდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი გადასახადი მსოფლიოში ყოველწლიურად 150 მლრდ დოლარის ამოღების საშუალება იქნება, რაც უმსხვილესი და ყველაზე მომგებიანი საერთაშორისო კომპანიების 125 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავლების გადანაწილებას განაპირობებს.

„ისინი გადასახადების სამართლიან წილს გადაიხდიან ყველგან, სადაც არ უნდა აკეთონ ბიზნესი და მიიღონ მოგება,“ - ნათქვამია OECD-ის განცხადებაში.

რეფორმაზე 136 ქვეყანა და იურისდიქცია შეთანხმდა, რომლებიც გლობალური მშპ-ს 90%-ზე მეტს შეადგენენ.

ბრიტანეთის კანცლერი, რიში სუნაკი აცხადებს, რომ „გარიგება თანამედროვე ეპოქისთვის გლობალურ საგადასახადო სისტემას განაახლებს“.

„ჩვენ უკვე გვაქვს მკაფიო გზა სამართლიანი საგადასახადო სისტემისკენ, რომელშიც მსხვილი გლობალური მოთამაშეები ყველგან თავიანთ სამართლიან წილს გადაიხდიან,” - აცხადებს რიში სუნაკი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ