Microsoft უპაროლო სისტემაზე ეტაპობრივად გადადის

Microsoft რამდენიმე პოპულარული სერვისისთვის, Microsoft Outlook-ისა და Microsoft OneDrive-ისთვის უპაროლო ანგარიშებს (passwordless account) უახლოეს კვირებში შემოიღებს. კომპანიის განცხადებას CNN ავრცელებს.

„ახლა თქვენ შეგიძლიათ, მთლიანად გააუქმოთ პაროლი Microsoft-ის ანგარიშიდან,“ - წერს თავის ბლოგში კომპანიის უსაფრთხოების, შესაბამისობისა და იდენტიფიკაციის კორპორატიული ვიცე-პრეზიდენტი, ვასუ ჯაკალი.

პაროლის ნაცვლად, მომხმარებლები ამ სერვისებში კომპანიის Authenticator აპლიკაციით ან Windows Hello-ს სახის ამოცნობისა და თითის ანაბეჭდის პროგრამით შევლენ. აპლიკაცია Authenticator უნიკალურ დანომრილ შესვლის კოდს ყოველწამიერად ქმნის. Microsoft-ის მომხმარებლებს, ასევე, შეუძლიათ, შეიძინონ უსაფრთხოების გარე გასაღები, როგორიც არის ლოგინ-ინფორმაციის შემცველი USB დრაივი, ან დაარეგისტრირონ ტელეფონის ნომერი, რომელზეც Microsoft დამადასტურებელ კოდს გააგზავნის.

კომპანიამ ეს სისტემა თავისი კორპორატიული ანგარიშებისთვის ჯერ კიდევ მარტში შემოიღო. Microsoft-ის ახალი ცვლილებები გასულ წელს კიბერშეტევების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. იმის გამო, რომ კორპორტიული თანამშრომლების უმრავლესობა კორონავირუსული პანდემიის გამო სახლიდან მუშაობს, ჰაკერებს კომპანიის სისტემაში შეღწევის ბევრი საშუალება გაუჩნდათ, ყველაზე გავრცელებული სტრატეგია კი პაროლის გატეხვაა. ამასთან, ე.წ. ბნელ ქსელში პაროლები იყიდება კიდეც, რომელსაც ჰაკერები ყიდულობენ და კიდევ უფრო მეტი სერვისის გასატეხად იყენებენ.

Microsoft-ის მონაცემებით, ყოველწამიერად 579 პაროლზე ხდება შეტევა, რაც მთლიანობაში წელიწადში 18 მილიარდ შეტევას შეადგენს. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ, რომ ყველაზე სუსტი რგოლი ის არის, როცა მომხმარებელი, ადვილად დამახსოვრების მიზნით, სხვადასხვა ანგარიშისთვის ერთსა და იმავე პაროლს იყენებს.

ვასუ ჯაკალი აცხადებს, რომ Microsoft მომავლისთვის მთლიანად უპაროლო სისტემაზე გადასვლის მაგალითს იძლევა. მისი თქმით, დღეს კომპანიის ყველა თანამშრომელი თავის კორპორატიულ ანგარიშზე უპაროლოდ შედის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ