საქართველოში კვერცხის და ფრინველის ხორცის იმპორტი მცირდება, ექსპორტი იზრდება - სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოში კვერცხის და ფრინველის ხორცის იმპორტი მცირდება, ექსპორტი კი იზრდება. კერძოდ, სტატისტიკის ერონული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 7,588 მლნ ერთეული (207.4 ათასი აშშ დოლარი) კვერცხი შემოვიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 22,788 მლნ ცალი (1,854 მლნ აშშ დოლარი). რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყნიდან - 3,743 მლნ ერთეული (851.6 ათასი აშშ დოლარი) გავიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 3,646 მლნ ცალი (690.5 ათასი აშშ დოლარი).

ამასთანავე, 2020 წლის 8 თვეში საქართველოში 35,757 ტონა (42,202 მლნ აშშ დოლარი) ქათმის ხორცი შემოვიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 31,517 ტონა (36,774 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება ექსპორტს, 2020 წელის იანვარ-აგვისტოში 5,243 ტონა (5,739 მლნ აშშ დოლარი) ქათმის ხორცი გავიდა, ხოლო 2021 წელს - 5,805 ტონა (6,351 მლნ აშშ დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ვყიდით და ვყიდულობთ ქათმის კვერცხს და ხორცს.

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც 2021 წლის 8 თვეში საქართველომ კვერცხი შეიძინა:

  • ჩეხეთი - 5 400 მლნ ცალი
  • თურქეთი - 1 098 მლნ ცალი
  • უნგრეთი - 602 ათასი ცალი
  • ნიდერლანდი - 302 ათასი ცალი
  • რუსეთი - 180 ათასი ცალი

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს კვერცხი (3,743 მლნ ცალი) მხოლოდ აზერბაიჯანში გავიდა.

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ქათმის ხორცი შეიძინა:

  • თურქეთი - 8 206 ტონა
  • ბრაზილია - 5 976 ტონა
  • ნიდერლანდი - 3 103 ტონა
  • უკრაინა - 2 810 ტონა
  • აშშ - 2 644 ტონა

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ ქათმის ხორცის ექსპორტი განახორციელა:

  • სომხეთი - 2 986 ტონა
  • უზბეკეთი - 1 017 ტონა
  • ყაზახეთი - 802 ტონა
  • თურქმენეთი - 710 ტონა
  • აზერბაიჯანი - 237 ტონა

ნინი ქეთელაური