„თუ დღეს ბიზნესში მეორე ადგილზეა აზარტული თამაშები, მალე პირველზე გადავა, ვაჭრობის სექტორსაც გაუსწრებს“ - გიორგი კაპანაძე­

თუ დღეს ბიზნესში მეორე ადგილზეა აზარტული თამაშები, მალე პირველზე გადავა, ვაჭრობის სექტორსაც გაუსწრებს - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა. გიორგი კაპანაძე ამით აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვის ზრდას გამოეხმაურა.

ცნობისათვის, 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 32.091 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 6.231 მლრდ ლარით, 2018 წელთან შედარებით კი 18.285 მლრდ ლარით მეტია. მთლიანად კი გასულ წელს სათამაში ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 28%-მდე გაიზარდა. ცნობისათვის, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 23,7% იყო, 2018 წელს კი 16%.

„მალე მივალთ უკიდურეს სიღარიბემდე, გვეყოლება ძალიან ბევრი წაგებული ადამიანი, გვეყოლება ახალი თაობები, რომლებსაც ცხოვრება გაუჭირდებათ აზარტული თამაშების გამო. ბუნებრივია, ბრუნვის მილიარდობით მაჩვენებელი სადღაც გაჩერდება, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, მაგრამ როცა ეს გაჩერდება, მდგომარეობა უკვე კატასტროფული იქნება. თუ დღეს ბიზნესში მეორე ადგილზეა აზარტული თამაშები, მალე პირველზე გადავა, ვაჭრობის სექტორსაც გაუსწრებს, ფაქტობრივად, მოთამაშე ქვეყანა ვიქნებით და ადამიანები თამაშში უკვე სიცოცხლეს წააგებენ. იმედი მაქვს, აქამდე არ მივალთ.

ბოლო პერიოდში მოვისმინე ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ ისინი რეგულაციებზე მუშაობენ, ფაქტობრივად, მზად აქვთ და 2022 წლიდან დაიწყება სათამაშო ბიზნესის უფრო აქტიური შესწავლა, რეგულაციების ამუშავება, შემცირდება ფულის გათეთრების რისკი, არასრულწლოვანთა ჩართულობა და ა.შ. მიხარია, რომ ამაზე ფინანსთა სამინისტრო ალაპარაკდა. რეგულაციები, უპირველესად, უნდა დაწესდეს ონლაინთამაშებთან დაკავშირებით. საჭიროა მარწუხების მოჭერა სათამაშო ბიზნესისთვის, გადასახადების გაზრდა, რადგან, როგორც თქვენმა მედიასაშუალებამაც გამოაქვეყნა, ის ბიუჯეტში თავის ბრუნვის მაჩვენებელზე 1300-ჯერ ნაკლებს იხდის. რეგულაციების მეშვეობით ჩვენ უდავოდ მივიღებთ შედეგს. მთლიანად, ბუნებრივია, ამ სფეროს ვერ გავაქრობთ, მაგრამ სათამაშო ბიზნესის ბრუნვას საგრძნობლად შევამცირებთ. შემცირდება მოთამაშეთა რიცხვიც. რაც მთავარია, სასწრაფოდ მისაღებია რეკლამის შესახებ კანონი! ყველგან და ყოველთვის რეკლამა უნდა აიკრძალოს. შეიძლება იყოს მხოლოდ ღამით, როგორც ალკოჰოლის, ან თამბაქოს მსგავსად მივუდგეთ და საერთოდ გავაქროთ. ტყუილია ის, რასაც პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თუკი ჩვენ სათამაშო ბიზნესს შევზღუდავთ, ეს ყველაფერი გადაინაცვლებს იატაკქვეშეთში. ეს არის, ასე ვთქვათ, სათამაშო ბიზნესის "გაპრავება". მიწისქვეშა კაზინოებში ისედაც უცხოელი ტურისტები დადიან, ონლაინთამაშებში კი, ძირითადად, ჩვენი მოსახლეობაა ჩართული. მიწისქვეშეთში არაფერი გადაინაცვლებს, უბრალოდ, ჩვენ აღარ გვეყოლება მოთამაშე თაობა, შევამცირებთ მოთამაშეების რაოდენობას და ხალხი შეძლებს ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას კაპანაძემ.

იხილეთ სრულად: