აშშ-მ Green Card-ის ლატარია განაახლა

აშშ-ს მთავრობამ სავიზო ლატარიის პროგრამა განაახლა. სავიზო ლატარია, Green Card (მწვანე ბარათი) შეერთებულ შტატებში მუდმივი ცხოვრების საშუალებას იძლევა.

Voice of America-ს ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ 2023 წლის საიმიგრაციო ვიზების მიღების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. კონგრესმა, აშშ-ში მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით, წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს იმიგრანტებზე 55 000 Green Card-ის მინიჭების სანქცია გასცა.

რეგისტრაცია 2023 წლის ფისკალურ წლამდე დიდი ხნით ადრე იწყება, რადგან განაცხადების დამუშავებას დრო სჭირდება. აშშ-ს ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ არსებული, წინა ლატარიის განაცხადების დამუშავება სერიოზულად დაგვიანდა, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს იქნა მიღებული და მათი განხილვა პანდემიის გამო გადაიდო.

ვიზების გაცემის პროგრამას წინა ადმინისტრაციის მხრიდან შეწყვეტის საფრთხე დაემუქრა. 2017 წელს ტრამპმა მთელი რიგი ზომები გამოაცხადა, რითიც მუსულმანური უმრავლესობის ქვეყნების მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ.

ამას ისიც დაერთო, რომ 2020 წლის მარტში პრეზიდენტ ტრამპმა კორონავირუსული პანდემიის გამო მთელს მსოფლიოში საკონსულოები დახურა. ამასთან, მისმა ადმინისტრაციამ ზოგიერთი საიმიგრაციო ვიზა ამერიკული ეკონომიკის დაცვის მოტივით აკრძალა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ