ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს 90%-ით ამცირებენ - ფრანგი მკვლევარების დასკვნა

საფრანგეთში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ვაქცინები დაავადების, მათ შორის, დელტას შტამის ინფექციის მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად მეტად ეფექტურია. ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი, BFMTV იუწყება.

კვლევა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთმა ანალიტიკურმა სტრუქტურა Epi-Phare-მა ჩაატარა, რისთვისაც 22 მილიონი პაციენტი შეირჩა.

მკვლევარებმა 50 წელზე მეტი ასაკის 11 მილიონი ვაქცინირებული პაციენტის მონაცემები, რომლებიც Pfizer/BioNtech-ით, Moderna-თი და AstraZeneca-თი იყვნენ ვაქცინირებული, 11 მილიონი არავაქცინირებული პირის მონაცემებს შეადარეს. კვლევა 2020 წლის 27 დეკემბრიდან, ანუ ვაქცინაციის დაწყებიდან მიმდინარე წლის 20 ივლისამდე პერიოდს ეხება.

იმისთვის, რომ შედარება რაც შეიძლება ზუსტი ყოფილიყო, ვაქცინირებული და არავაქცინირებული პაციენტების მონაცემები ერთი და იმავე ასაკის, სქესისა და რეგიონის მიხედვით დააწყვილეს. კვლევის შედეგების თანახმად, ვაქცინაციამ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი, მათ შორის დელტას შტამის ინფექციის შემთხვევაში, 90%-ით შეამცირა. იმ პაციენტებში, რომელთა ვაქცინაციიდან 14 დღე იყო გასული, ჰოსპიტალიზაციის რისკი 90%-ზე მეტად შემცირდა.

ცალკე იქნა გამოკვლეული ივნისი-ივლისის პერიოდი, როცა საფრანგეთში დელტას შტამი სულ უფრო მეტად ვრცელდებოდა. შედეგები წინა პერიოდის კვლევის შედეგებს თითქმის დაემთხვა: 75 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ვაქცინაციამ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი 84% -ით, ხოლო 50-დან 74 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში - 92% შეამცირა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ