გერმანიასა და შვეიცარიაში კორონავირუსის სწრაფი ტესტი ფასიანი ხდება

გერმანიაში მოქალაქეებს დღეიდან კორონავირუსის სწრაფი ტესტის საფასურის გადახდა თავად მოუწევთ. მედიის ინფორმაციით, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ვაქცინაცია არ შეუძლიათ, მათ შორის 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ამასთან, 12-დან 17 წლამდე ასაკის მოქალაქეებისა და ორსულებისთვის კოვიდტესტი კვირაში ერთხელ უფასო იქნება და ეს რეგულაცია 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. უფასო ტესტის გაკეთების საშუალება ექნებათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების გამო კარანტინში იმყოფებიან და ტესტის პასუხი კარანტინის დასასრულებლად სჭირდებათ.

კვლავ უფასო იქნება პისიარ ტესტებიც, რომელსაც მოქალაქეები ექიმების ან ჯანდაცვის სამსახურების განკარგულების საფუძველზე ჩაიტარებენ.

მედიის ინფორმაციით, ამ ნაბიჯით გერმანიის ხელისუფლებას სურს, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დააჩქაროს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 65 %, რაც ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის კორონავირუსზე ტესტი ფასიანი ხდება შვეიცარიაშიც. გამონაკლისი შეეხებათ 16 წლამდე ასაკის პირებს, მათ, ვინც ვაქცინის ერთი დოზა უკვე გაიკეთეს და მათ, ვინც, უტყუარი სამედიცინო მიზეზის გამო, აცრას ვერ იკეთებს.

როგორც გერმანიაში, ასევე შვეიცარიაში დახურული ტიპის რესტორნებში, კულტურულ და გასართობ ობიექტებში შესასვლელად, ასევე დახურულ სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად მოქალაქეები ვალდებულები არიან წარადგინონ სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულები არიან, ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.