ტაილანდი 10 ქვეყნის ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის

ტაილანდი 10 ქვეყნის ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ქვეყნებს შორის გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, გერმანიისა და აშშ-ის მოქალაქეები მოხვდნენ. ვაქცინის 2 დოზის მიღების შემთხვევაში მათ 1-ელი ნოემბრიდან ქვეყანაში შესვლა კარანტინის გავლის გარეშე შეეძლებათ.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრ პრაიუთ ჩან-ოჩას თქმით, მართალია ტურისტებისთვის საზღვრების გახსნა რისკებს შეიცავს, თუმცა ქვეყანაში ტურიზმის სფეროს გადასარჩენად ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია.

BBC წერს, რომ ტაილანდში დღეში საშუალოდ კორონავირუსის 10 000 შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში ვაქცინის 2 დოზა მოსახლეობის 32%-ს აქვს მიღებული. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 2020 წელს პანდემიის გამო, ტაილანდის ეკონომიკამ 50 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა.