ისრაელში 1 500 წლის წინანდელი ღვინის ქარხანა აღმოაჩინეს

ისრაელში 1 500 წლის წინანდელი ღვინის ქარხანა აღმოაჩინეს, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის მოედნის ზომისაა. ისრაელის სიძველეთა სამმართველოს მონაცემებით, თელავივის სამხრეთით, 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ იავნეში აღმოჩენილ ღვინის ქარხანას ხუთი საწნახელი აქვს, რომელშიც წელიწადში, დაახლოებით, 2 მილიონი ლიტრი ღვინის დაწურვა შეეძლოთ.

Reuters-ის ცნობით, ქვის კონსტრუქციები იმდენად კარგად არის შემონახული, რომ მეღვინეობის პროცესის ვიზუალიზაცია დღესაც კი იოლია. კარგად ჩანს პლატფორმები, სადაც ყურძენი გროვდებოდა, ასევე, საწნახლები, სადაც იწურებოდა და აუზები, რომელშიც წვენი ისხმებოდა. ნაპოვნია, აგრთვე, ათეულობით ღვინის 25-ლიტრიანი დოქი, რომელიც მაღალი და ვიწრო დიზაინისაა. მათ ადგილზევე, დიდ ღუმელებში ამზადებდნენ. გათხრებზე მომუშავე ჯგუფი აცხადებს, რომ ახლომდებარე პორტში, საიდანაც ღვინო საზღვარგარეთ იგზავნებოდა, ასეთ დოქებს „ღაზის ქილებს" უწოდებდნენ. მსგავსი დოქები მთელ ევროპაში არის ნაპოვნი, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ ღვინოზე დიდი მოთხოვნა იყო.

„ძველ დროში ღვინო ჩვეულებრივი სასმელი იყო, რომელსაც მოიხმარდნენ როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები. მას ხშირად წყლის ნაცვლად იყენებდნენ, რადგან წყლის დალევა ყოველთვის უსაფრთხო არ იყო. ღვინოს წყალშიც ურევდნენ, როგორც დანამატს მისი გემოსა და კვების ღირებულების გასაუმჯობესებლად. ერთმანეთის გვერდით ხუთი უზარმაზარი საწნახელი სამრეწველო ხაზს გვიჩვენებს. ეს არის ღვინის წარმოების მწვერვალი, რომელიც ღაზის ღვინოს უკავშირდება,“ - აცხადებს არქეოლოგიური ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჯონ სელიგმანი.

ჰქონდა თუ არა საბოლოო პროდუქტს დღევანდელი ღვინის გემო, ამის დადგენა, სელიგმანის თქმით, შეუძლებელია, თუმცა ძველ ტექსტებში ეს სასმელი აღწერილია, როგორც მსუბუქი თეთრი ღვინო, „სასიამოვნო გემოთი."

ხელისუფლება კომპლექსის გახსნას საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ