სამეზობლოში თურქეთის შემდეგ ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება

საქართველოში ფასების დონის სწრაფი ტემპით ზრდა სექტემბერშიც გაგრძელდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 12.3% შეადგინა. ეროვნული ბანკის მიზანი კი არის ინფლაციის მიზნობრივ, 3%-იან ნიშნულზე დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინსტიტუტი უკვე წლებია, რაც ინფლაციის მოთოკვას ვერ ახერხებს.

ქვეყანაში ინფლაცია 12.3% კი არის, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ყველაზე მნიშვნელოვან სასაქონლე ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა:

  • ტრანსპორტი - ზრდა 20.3%
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ზრდა 15.9%
  • ავეჯი და საოჯახო ნივთები - ზრდა 12.6%
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა ზრდა 12.5%

უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთის შემდეგ ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2021 წლის ივნისში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 19.6% შეადგინა. ხოლო იმ ჯგუფების ჩამონათვალი, სადაც ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, ასე გამოიყურება:

  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ზრდა 28.8%
  • ავეჯი და საოჯახო ნივთები- ზრდა 23.27%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები- ზრდა 23.27%
  • ტრანსპორტი - ზრდა 20.21%

აზერბაიჯანში ფასების საერთო დონე ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა. კერძოდ, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყანაში 6% შეადგინა. რუსეთში კი, წლიური ინფლაცია 7.4%-ით განისაზღვრა.

სომხეთში ფასების დონის ზრდა 8.9% იყო. რაც შეეხება ჯგუფებს, სადაც ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა, მათ შორისაა:

  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ზრდა 15.4%
  • ტანსაცმელი- ზრდა 12.4%
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა- ზრდა 9.9%
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ზრდა 9.3%

ნოდარ სირბილაძე