Tesla ბერლინის ქარხანაში პირველ ავტომობილების გამოშვებას დეკემბერში გეგმავს

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla ბერლინის ახალ ქარხანაში პირველი ავტომობილების გამოშვებას დეკემბრისთვის გეგმავს. თუმცა მასიურ წარმოებაზე გადასასვლელად კომპანიას მეტი დრო სჭირდება.

„წარმოების დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მასიური წარმოება ამ საქმის რთული მხარეა, რის მიღწევასაც იმაზე მეტი დრო სჭირდება, რაც ქარხნის მშენებლობას დასჭირდა,“ - განაცხადა Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე გამართულ ფესტივალზე, რომლის დროსაც გიგაქარხანა საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა.

ის, ასევე, იმედოვნებს, რომ გიგაქარხანაში შემავალი აკუმულატორული ბატარეების მწარმოებელი ქარხანა სრული დატვირთვით მომავალი წლის ბოლოსთვის ამუშავდება. მასკის თქმით, ქარხნის წარმოების მოცულობა, დღეში, დაახლოებით, 5000, მომავალში კი 10 000 ავტომობილი იქნება.

maski-1634026449.jpg

ილონ მასკი მოელის, რომ უახლოეს კვირებში გერმანიის მთავრობა „მწვანე შუქს“ აუნთებს, რათა ობიექტზე წარმოება დაიწყოს. Reuters-ის ცნობით, გარემოსდაცვითი საზოგადოების შეშფოთებასთან დაკავშირებით ბოლო კონსულტაციები 14 ოქტომბერს გაიმართება, რის შემდეგაც გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ბრანდენბურგის ეკონომიკის მინისტრი ქარხნისთვის ნებართვის გაცემას 95%-იანი შანსით აფასებს.

გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ გიგაქარხნის მუშაობა სასმელ წყალს დააბინძურებს. მასკი მათ პასუხობს, რომ ქარხანა ცოტა წყალს იყენებს, ხოლო აკუმულატორული ბატარეების წარმოება მდგრადია.

Tesla-მ, ასევე, წარადგინა გეგმა, რომელიც 50 GWh სიმძლავრის აკუმულატორული ბატარეების ქარხანაში 5 მლრდ ევროს (5,8 მლრდ დოლარის) ინვესტირებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ეს სიმძლავრე აღემატება 40 GWh-იანი ბატარეების ქარხნის პროექტს, რომლის მშენებლობასაც გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen ზალცგიტერში გეგმავს.

maski1-1634026471.jpg

ილონ მასკი შეშფოთებულია, რომ საკმარისი რაოდენობის მუშახელის შეგროვება შესაძლოა, ვერ შეძლოს, ამიტომ ყველას მოუწოდებს, განაცხადები მთელი ევროპიდან წარადგინონ.

„ცოტა ვღელავთ იმაზე, რომ საკმარის მუშახელს ვერ გამოვნახავთ. ჩვენ მართლაც გვჭირდება ნიჭიერი ადამიანები ამ საქმეში, რომლებსაც მთელი ევროპიდან ველოდებით,“ - აცხადებს მასკი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ