გაზრდილია თუ არა სავალდებულო ტექინსპექტირების მაჩვენებელი?! - ეკონომიკის სამინისტრო მონაცმებს აზუსტებს

2021 წელს სავალდებულო ტექინსპექტირების მაჩვენებელი პანდემიურ 2020-თან შედარებით გაზრდილია - ეს ,,ბიზნესპრესნიუსისთვის“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო“-ს მიერ მოწოდებული ბოლო ინფორმაციაა. თავდაპირველ ვერსიაში კი, რომელიც უწყებამ 24 სექტემბერს მოგვაწოდა, მონაცემები რადიკალურად განსხვავებული იყო.

პირველადი ინფორმაციით, 2021 წლის პირველ 8 თვეში პირველად სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.8%-ით, 143 980 ერთეულით ნაკლებმა ავტომობილმა გაიარა. კერძოდ, უწყების ცნობით 2020 წლის იანვარ-აგვისტოში პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 352 061 ათასმა ავტომობილმა გაიარა. აქედან, ვარგისი იყო 222 113, უვარგისი 129 157, გზაზე გადაადგილება კი 746 ავტომობილს აეკრძალა.

2021 წლის იანვარ-აგვისტოში კი პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 208 081-მა ავტომობილმა გაიარა. აქედან, ვარგისი იყო 119 704, უვარგისი 87 076, გზაზე გადაადგილება კი გასულ წელთან შედარებით 555 მეტ, 1 301 ავტომობილს აეკრძალა. ასეთი იყო პირველად გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემი.

თუმცა მოგვიანებით „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანომ“ „ბიზნესპრესნიუსს“ ახალი მონაცემები გამოუგზავნა, სადაც მონაცემები რადიკალურად განსხვავებული იყო. უწყებაში განმარტეს, რომ შეცდომა ტექნიკური ხასიათის იყო და რეალურად 2021 წლის პირველ 8 თვეში პირველად სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება სულ 583 513-მა ავტომობილმა გაიარა. აქედან, ვარგისი 346 420 იყო, უვარგისი 233 998, ხოლო გზაზე გადაადგილება კი 3 995 ავტო სატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა.

რაც შეეხება განმეორებით ინსპექტირებას, ჯამურად 181,512-მა ავტომობილმა გაიარა.

უფრო მოგვიანებით უწყებამ კიდევ ერთი ახალი მონაცემები გამოგზავნა, რომელიც 1-ლი თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს და აქ უკვე პირველად მიყვანილი ავტომობილების რაოდენობა 439 856-მდე, დახარვეზებულის მეორედ მიყვანილთა რიცხვი კი 161 573-მდე იყო შემცირებული.

თამარ მუკბანიანი