ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა, - ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სერთიფიკატი უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის სამინისტროს პირობებს.
„სრულად ვაქცინირებისგან მინიმუმ 14 დღე უნდა იყოს გასული, სერთიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს გამოქვეყნებულ ნიმუშს, ვაქცინაცია განხორციელებული უნდა იყოს აღიარებული ვაქცინებით (ევროპის მედიკამენტების სააგენტო, ჯანმო): „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“ ან „ჯონსონის“ ვაქცინებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საელჩოში ასევე განმარტავენ, რომ აცრილ პირებს, რომელთა სერტიფიკატი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილ პირობებს, შეუძლიათ ჩეხეთში გამგზავრება უვიზო მიმოსვლის პირობებით.
„ვაქცინირებულ პირებს, რომელთა სერტიფიკატი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ პირობებს, ასევე შეუძლიათ მიმართონ მოკლევადიანი (შენგენის) ვიზების მისაღებად, ნებისმიერი მიზნით. სერტიფიკატის ასლი უნდა გაიგზავნოს, როგორც დამატებითი დანართი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.