ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამჟამად ჰოსპიტალურ სექტორში 9 ათასამდე საწოლია მობილიზებული.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განმარტა, დღეისთვის 4616 პაციენტი იმყოფება კლინიკებში, საიდანაც რეანიმაციაში არის 255 პირი, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 1042.
„9 ათასამდე საწოლი კვლავაც მობილიზებული რჩება, დღევანდელი მდგომარეობით, 4616 პაციენტი იმყოფება კლინიკებში, რეანიმაციაში არის 255 პირი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 1042 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება ვაქცინაციის სტატუსს, დღევანდელი მდგომარეობით ერთი დოზით აცრილია ერთ მილიონზე მეტი მოქალაქე, ორივე დოზა სრულად ჩატარებული აქვს 879 630 მოქალაქეს, რაც არის დაახლოებით მოზრდილი მოსახლეობის 30%, იმ მაჩვენებლის, რომლის მოცვასაც ვფიქრობთ.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, არის „ბუსტერ“ დოზის დაშვება 6 თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე იმ პირებში, ვისაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის ორგანოგადანერგილი პირები, სხვადასხვა იმუნური სისტემის შესუსტებით მიმდინარე დაავადებები. იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ 2 დოზა ნებისმიერი ვაქცინით, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში შეუძლიათ ჩაიტარონ ე.წ. ბუსტერ დოზა“, - განაცხადა გაბუნიამ.