გამყრელიძე -  წინა სამშაბათთან შედარებით, დღეს, 2000-ით მეტია ახალი შემთხვევების რაოდენობა

დღეს საკმაოდ სერიოზული ნახტომია, წინა სამშაბათთან შედარებით დაახლოებით 2000-ით მეტია ახალი შემთხვევების რაოდენობა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, როგორიც არის ინციდენტობა 100 ათას მოსახლეზე, ისე დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც დღეს 10%-ს ასცდა.

„ინციდენტობის მაჩვენებელი დღეს 10%-ს ასცდა, თუმცა ბოლო 1 კვირის და ბოლო 2 კვირის არის ისევ დაახლოებით, 6%-დან 7%-ის ფარგლებში. საყურადღებოა, რომ მოიმატა და 1,43-მდეა ასული რეპროდუქციის ინდექსი. სიკვდილიანობა მოდის ქვემოთ, დღეს გარდაცვალების 37 შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ბოლო ერთი კვირის საშუალო მაჩვენებელი ჩამოსცილდა უკვე ჩვენთვის დაწესებულ შიდა ზღურბლს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. სამწუხაროდ, იცით, რომ მოყოლებული 18 სექტემბრიდან და განსაკუთრებით ოქტომბერში, მცირდება ყოველდღიურ აცრათა მაჩვენებელი. ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 7 ათასის ფარგლებში, რაც ძალიან ცუდია. თუ ვერ ავწიეთ აცრის მაჩვენებელი, მაშინ, რა თქმა უნდა, უფრო რთული იქნება მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის. ახლა ბევრ რამეს ვცდილობთ, მათ შორის, იქით კვირიდან ამ მარათონის პრინციპით დაიწყება, დაახლოებით 49 დიდ სოფელში აცრების მეტი ინტესიფიცირება,“- განაცხადა გამყრელიძემ.