აფხაზეთში ფაროსანა ისევ მომრავლდა - დე ფაქტო მთავრობა მწერის მექანიკური შეგროვებისთვის ფულად ჯილდოს აწესებს

აფხაზეთში ფაროსანა-ხოჭო მომრავლდა. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ხალხი სოციალურ ქსელებში აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ არის მიფენილი დიდი რაოდენობის მწერი მათი სახლების კედლებზე.

დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრ ბესლან ჯოპუამ სააგენტოს განუცხადა, რომ დღეიდან ნოემბრის ბოლომდე მთელ აფხაზეთში ფაროსანას შედარებით მეტი დაგროვების ადგილების ქიმიური პრეპარატებით დამუშავება დაიწყება. ამ მიზნით აფხაზეთის ყველა რაიონში შეიქმნა ბრიგადები, რომლებიც დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღჭურვილობით, ადგილების ინსექტიციდურ დამუშავებას შეუდგებიან.

„დასამუშავებლად გამოყენებული იქნება სამი ინსექტიციდი - ზონდერი, ბიფენტრინი და ფასკორდი. პირველი ორი ადრე უკვე გამოვიყენეთ და ისინი ადამიანებზე დამოუკიდებელი დამუშავებისთვის გადანაწილდება. რაც შეეხება ფასკორდს, ეს პრეპარატი ჩვენს ქვეყანაში პირველად გამოიყენება,” - ამბობს ჯოპუა.

მისი თქმით, დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მავნე მწერთან საბრძოლველად საკმარისი აღჭურვილობა, სპრეი და წამლები აქვს. დამუშავება განხორციელდება რაიონებში, სოფლებში, გზების გასწვრივ და ყველა იმ ადგილას, რომელთანაც მანქანა შეძლებს მიახლოებას. ინსექტიციდებს, ასევე, მიტოვებულ შენობებს შეასხურებენ, რომლებსაც მწერები გამოსაზამთრებლად იყენებენ.

საყოფაცხოვრებო ნაკვეთების მეპატრონეები ადგილებს დამოუკიდებლად დაამუშავებენ, რისთვისაც მათ საჭირო წამლები და შესაწამლი ხელსაწყოები გადაეცათ. რაიონებში სულ 1500 აპარატი დარიგდა.

ადგილობრივი სპეციალისტები ქალაქებსა და სოფლებში ფაროსანას გამოჩენას მოელოდნენ, რადგან ცხელ ზაფხულზე მწერებმა ტყეებში, მთების გრილ ადგილებზე გადაინაცვლეს, ზამთარში კი სანაპიროს დაუბრუნდნენ, რომ გამოსაზამთრებლად სახლებსა და სხვა თავშესაფრებში შესაფერისი ადგილები იპოვონ.

დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ პერიოდში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ციტრუსისა და თხილის მოსავალი იქნეს შენარჩუნებული. ამასთან, გამოყენებული პრეპარატები ადამიანის ჯანმრთელობასა და მოსავალს საფრთხეს არ უქმნის.

დე ფაქტო სამინისტრო ფაროსანას მექანიკური შეგროვების ორგანიზებასაც გეგმავს, როგორც ეს წინა წლებში გაკეთდა, როცა შეგროვებული მწერებისათვის ადამიანებს ფულად ჯილდოს გადასცემდნენ. მექანიკურად შეგროვებულ ფაროსანას საბოლოოდ წვავდნენ. ამ მეთოდს ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთში ფაროსანამ მომრავლება 2015 წლიდან დაიწყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ