Boston Consulting Group - საგადამხდელო სისტემების შემოსავლები 2,9 ტრილიონი დოლარამდე გაიზრდება

2030 წლისთვის საგადამხდელო ბაზრის შემოსავლები მსოფლიოს მასშტაბით 2,9 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე - აღნიშნულის შესახებ პროგნოზირებს საკონსულტაციო კომპანია Boston Consulting Group-ი.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ზრდა დაფიქსირდება მსოფლიოს ყველა რეგიონში. სავარაუდოდ, 2020-2025 წლებში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი შეინარჩუნებს ლიდერ პოზიციას და დააფიქსირებს 8,8%-იან ზრდას. მას მოჰყვება ლათინური ამერიკა 8,3%-იანი ზრდით, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა - 6,9%, ჩრდილოეთ ამერიკა - 5,8% და ევროპა - 5,3%-იანი ზრდით.

ანგარიშის ავტორები გამოყოფენ რამდენიმე გლობალურ ტრენდს, რომელიც მომდევნო წლებში გახდება დომინანტური საგადამხდელო ბაზარზე. კერძოდ, ციფრული ეკოსისტემები და სპეციალიზირებული პროგრამები ითამაშებენ მნიშვნელოვან როლს ამ დარგში, როცა ბაზარზე გამოვლენ ტექნოლოგიური გიგანტები, ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები და ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიები, ხოლო ბანკები გახდებიან უფრო მიმზიდველები.

ამ მომენტისთვის მოსალოდნელია ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიების ზრდის ახალი ტემპი, რომელიც სპეციალიზირებულია კრიპტოვალუტურ გადახდებზე და ფინანსირების დეცენტრალიზაციაზე.

კოკა კვირკველია