,,2019 წელთან შედარებით ჯამში 30%-ით იკლო მიმართვიანობამ, მაშინ როცა, ავტოპარკი 140 000 ერთეული ავტომობილით გაიზარდა“

,, თუ საერთო და რეალურ სტატისტიკას გამოვიყვანთ, ჩვენ გვაქვს კლება ტექინსპექტირებასთან მიმართებით“ - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა” და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში “საქმე“ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომელიც CITA-ს (ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი) ევროპის ოფისის ექსპერტია.

დათო მესხიშვილის თქმით, პირველ რიგში, კლება უკავშირდება კანონის აღსრულების პრობლემას.

,,2020 წელთან შედარებით, ნამდვილად გაზრდილია მიმართვიანობა ინსპექტირების ცენტრებში 8%-ით, მაგრამ მთავარი ამბავი არის ის, რომ 2019 წელთან შედარებით ჯამში 30%-ით იკლო მიმართვიანობამ, მაშინ როცა, ავტოპარკი 140 000 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გაიზარდა. ამით თუ საერთო და რეალურ სტატისტიკას გამოვიყვანთ, ჩვენ გვაქვს კლება ტექინსპექტირებასთან მიმართებით.

პირველ რიგში, კლება უკავშირდება კანონის აღსრულების პრობლემას. ეს არ არის არასაკმარისი აღსრულება. უბრალოდ, არ მუშაობს კანონი. რამდენიმე ერთეული ჭკვიანი კამერაა ჩართული გზებზე და ისიც, ვიღაცის ნება-სურვილზე. როცა უნდა ჩართავენ და როცა უნდათ გამორთავენ. საბოლოოდ, ეს გვიჯდება წელიწადში გზებზე დაღუპულ 500 ადამიანად და 10 000-ზე მეტ დასახიჩრებულ ადამიანად. სადღაც უნდა შეწყდეს.

აუცილებელია, რომ ამ ნაწილში ევროდირექტივა დაინერგოს სრულად. საქართველოში არ არის გზისპირა ინსპექტირება. არ არის კამერები ბოლომდე გამართული. კანონის აღსრულებაში კვლავ პრობლემებია. ასევე, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ცნობიერების კამპანია“, - განაცხადა მესხიშვილმა ,,საქმეში“.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს სავალდებულო ტექინსპექტირების მაჩვენებელი პანდემიურ 2020-თან შედარებით გაზრდილია - ეს ,,ბიზნესპრესნიუსისთვის“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო“-ს მიერ მოწოდებული ბოლო ინფორმაციაა. თავდაპირველ ვერსიაში კი რომელიც უწყებამ 24 სექტემბერს მოგვაწოდა, მონაცემები რადიკალურად განსხვავებული იყო.

თამარ მუკბანიანი