ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორის შეფასებით, გიორგი ქადაგიძის ჩვენება იყო „მიკერძოებული, არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური და არასანდო“

მიკერძოებული, არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური და არასანდო, - ამ სიტყვებით ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი ქადაგიძის ჩვენება შეაფასა.

როგორც პროკურორი განმარტავს, ქადაგიძის მიერ დღეს სასამართლოში მიცემული ჩვენება არაფრის მომცემია.

„აღნიშნული მოწმის ჩვენება არაფრის მომცემი იყო საქმის გარემოებებისათვის, ის აკეთებდა მხოლოდ შეფასებებს, ეს შეფასებებიც ბუნებრივია, მიკერძოებული იყო, ვინაიდან მოწმე საქმის მასალებს, მტკიცებულებებს არ იცნობდა. აღნიშნულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე თავის მოსაზრებებს გამოთქვამდა. მისი ჩვენება იყო მიკერძოებული, არაფრისმომცემი, არარელევანტური იყო, რადგან მხოლოდ შეფასებებს იძლეოდა და ეს შეფასებები სასამართლოსთვის არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მისი შეფასებები ასევე არაკვალიფიციური იყო, მას თანამდებობის პერიოდში არაერთი საქმე შევახსენეთ, როცა ხდებოდა სანქცირებული პირების მიერ მილიონობით და ასი მილიონობით ლარის, დოლარის გადარიცხვა და ამ ოპერაციებში შეინიშნებოდა უკანონო შემოსავლის ნიშნები, თუმცა, მას, როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს არანაირი ქმედითი ღონისძიება ამ ფაქტებთან მიმართ არ განუხორციელებია",- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ მოხდება ქადაგიძის პასუხისგებაში მიცემაც, პროკურორი პასუხობს, რომ "ფულის გათეთრების" ნაწილში ქადაგიძე არაკომპეტენტურ პასუხებს სცემდა.

„მისი პასუხები გამოკვეთავდა მის არაკომპეტენტურობას "ფულის გათეთრების" დარგებთან მიმართებაში. შესაბამისად, მისი ჩვენება ამ ნაწილში მიკერძოებული, არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური და არასანდო იყო",- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო ბრალდებას საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დასრულებული აქვს და სასამართლოში არაერთი დამაჯერებელი მტკიცებულება, მათ შორის "ფულის გათეთრებასთან" მიმართებაში, მოწმეთა ჩვენებები, ეროვნული ბანკის, რევიზიის დასკვნები, საფინანსო-საბუღალტრო დასკვნები წარმოადგინეს. პროკურორის შეფასებით, ეს მტკიცებულებები საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტუროს დანაშაული.