გიორგი კაკაურიძე - დღეს არ დაძრულა იჯარასთან დაკავშირებული თემა, ეს არ არის საარჩევნო პერიოდის გამო გაკეთებული

დღეს არ დაძრულა იჯარასთან დაკავშირებით ეს თემა, ეს არ არის საარჩევნო პერიოდის გამო გაკეთებული, ეს იყო კოვიდზე საპასუხო რეაგირება, რომელზეც პარლამენტმა გადაწყვეტილება დაახლოებით, 4-5 თვის წინ მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ბიზნესმენებს, ვინც სახელმწიფო ქონებით სარგებლობს, იჯარის და ქირის გადაუხდელობა ეპატიებათ.

მისივე თქმით, შეფასებები, რომ ინიციატივა "ქართული ოცნების" შემომწირველი ბიზნესმენებისთვის თანხის უკან დაბრუნებას და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, მიუღებელია.

"რატომ უკავშირდება ეს ბიზნესისთვის თანხის უკან დაბრუნებას? სახელს და გვარს რომ თავი დავანებოთ, ყველა მოიჯარე თავისუფლდება ამ გადასახადისგან. პანდემია იყო, რიგ შემთხვევებში, ვერ გამოიყენეს ეს ქონება, რაც სახელმწიფოსგან ჰქონდათ იჯარით და ამიტომ მოხდა ეს, არა დღეს, ამ განცხადების საფუძველზე, არამედ დაახლოებით, 5 თვის წინ მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელმაც პირდაპირ განსაზღვრა, რომ მსგავსი შეღავათი უნდა გავრცელებულიყო კონკრეტულ პერიოდზე, როცა ბიზნესს არ ჰქონდა ფუნქციონირების საშუალება და ვერ სარგებლობდა იმ იჯარის ხელშეკრულებით, რომელიც გადაცემული ჰქონდა. დღეს არ დაძრულა ეს თემა, ეს არ არის საარჩევნო პერიოდის გამო გაკეთებული, ეს იყო კოვიდზე საპასუხო რეაგირება, რომელზეც პარლამენტმა გადაწყვეტილება დაახლოებით, 4-5 თვის წინ მიიღო,"- განაცხადა კაკაურიძემ.