სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის პრეზიდენტს სთხოვს, ავსტრიაში მყოფ ქართველ სტუდენტებს დაუწესდეთ სწავლის ისეთივე გადასახადი, როგორიც აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის პრეზიდენტ, ალექსანდერ ვან დენ ბელენს სთხოვს, ავსტრიაში მყოფ ქართველ სტუდენტებს დაუწესდეთ სწავლის ისეთივე გადასახადი, როგორიც აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებს.

როგორც მან ავსტრიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს იქნება სიმბოლური აქტი და ხაზგასმა, საქართველო როგორც ერთ-ერთი ასოცირებული ქვეყანა დაუახლოვდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

„მნიშვნელოვანია განათლებისა და მეცნიერების სფეროში ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობა. ჩვენ პროფესიული განათლების და ანაზღაურებადი სტაჟირების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა გვაქვს. ამასთან, როგორც ვიცი, ამ ქვეყანაში 2 ათასამდე ჩვენი სტუდენტია. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ მათ დაუწესდეს იგივე საფასური, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებს აქვთ დაწესებული. ეს იქნება მნიშვნელოვანი სიმბოლურადაც, რაც შეიძლება დავუახლოვდეთ ამ ფორმით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, როგორც ერთ-ერთი ასოცირებული ქვეყანა.

ასევე, კულტურის დარგი არანაკლებ მნიშვნელოვანი დარგია, პრაქტიკულად ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. საქართველოს იდენტობა ამაზე დგას და გარეთ ჩვენი წარმოდგენაც დიდწილად კულტურასთან არის დაკავშირებული. საჭიროა, კარგად გავაცნოთ ჩვენი თავი როგორც ევროპული და ქართული კულტურის ქვეყანა. რადგან მომავალი წელი იქნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთოებები 30 წლისთავი, მინდა მოგიწვიოთ საქართველოში და გაჩვენოთ ჩვენი კულტურა. ჩავატაროთ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც ერთად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.