ავსტრიის პრეზიდენტი - უნდა გავითვალისწინოთ შიდა სიტუაცია ევროკავშირის, რომელიც გაფართოების დაღლილობით გამოირჩევა, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ იმედს!

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ შიდა სიტუაცია ევროკავშირის, რომელიც გაფართოების დაღლილობით გამოირჩევა, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ იმედს!- ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ შეუძლია ავსტრიას საქართველოს დახმარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ავსტრიის პრეზიდენტის შეფასებით, გონივრული გადაწყვეტილებაა რამდენიმე წლის შემდეგ ევროკავშირში წევრობაზე ფორმალური განაცხადის დაყენება და იქამდე მის სტანდარტებთან დაახლოვება.

„როგორც მოგეხსენებათ, ავსტრია არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ არ არის ნატო-ს წევრი. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროკავშირში, მაგრამ ნატო ჩვენი გავლენის სფეროს გარეთ არის მოქცეული. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას, მის შესაძლო გაერთიანებას ევროკავშირში. ჩვენ ვაკვირდებით, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი ევროკავშირის წევრი ქვეყანა საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს. ჩვენ გვაქვს იგივე შეკითხვები, როგორც სხვებს აქვთ - ეს გახლავთ სამართლებრივი სახელმწიფო, ევროკავშირის სტანდართებთან მიახლოვება, ყველაფერი ის, რაც ევროკავშირში გაწევრიანებამდე უნდა გადაწყდეს, მაგრამ მე ძალიან დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი საქართველოს ამ სურვილის მიმართ.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ასევე შიდა სიტუაცია ევროკავშირის, რომელიც დაღლილობით გამოირჩევა, გაფართოების დაღლილობით, თუკი თქვენ დასავლეთ ბალკანეთში არსებულ განვითარებას მიაქცევთ ყურადღებას, აქაც ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ იმედს! მე პირადად, მგონია, რომ ძალიან გონიერი იდეა არის 2,3,4 წლის შემდეგ დააყენოთ ფორმალური განაცხადი და იქამდე შეეცადოთ ევროსტანდარტების შესრულებას. პრინციპში არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოს შიგნით ევროკავშირში გაერთიანება და ევროკავშირთან დაახლოვება არ არის საკამათო საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის,“- განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.