როდის გადავაფასებთ სამეცნიერო პრიორიტეტებს და იმ დარგების დაფინანსებას შევწყვეტთ, სადაც მაკულატურის გარდა, არაფერი იქმნება - გიორგი ამილახვარი

როდის გადავაფასებთ სამეცნიერო პრიორიტეტებს და თანხებს იმ დარგებში დავხარჯავთ, რაც სახელმწიფოს სჭირდება, ხოლო იმ დარგების დაფინანსებას შევწყვეტთ, სადაც ფულს ათწლეულებია ვხარჯავთ და მაკულატურის გარდა, არაფერი იქმნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა გააკეთა.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, დეპუტატმა როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული განათლებისა და სამეცნიერო მიმართულების დაფინანსების მოდელის შეცვლის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ძალიან კარგია, რომ განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და დაფინანსების ზრდა სახეზეა, მაგრამ იმ მოდელით, რა მოდელითაც ფული იხარჯება პროფესიულ განათლებაში, უმაღლეს განათლებაში თუ მეცნიერებაში, სამწუხარო რეალობაა, რომ ბევრი წლების განმავლობაში სასურველ შედეგებზე ვერ გავდივართ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დეპუტატმა დღეს ისიც აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების მიმართულებით უნდა განსაზღვროს შედეგებზე დაფუძნებული განათლების დაფინანსება “და არა დიპლომების განათლების დაფინანსება, რასაც დიდი დოზებით ვაწყდებით“.