სლოვენია შერეულ თაფლზე ევროკავშირის მარკირების წესის გადახედვას მოითხოვს

სლოვენია ევროკავშირისგან მოითხოვს, რომ გაერთიანებამ შერეული თაფლის მარკირებაზე წარმოშობის ქვეყნების დაკონკრეტების საკითხი დღის წესრიგში დააყენოს. ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA ავრცელებს.

არსებულ რეგულაციით, თუ ევროკავშირის თაფლი ჩინეთიდან იმპორტირებულ თაფლთან არის შერეული, შეფუთვის ეტიკეტზე ნაჩვენებია მხოლოდ ზოგადი ფორმულირება ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის თაფლის ნარევის შესახებ.

ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, იოზე პოდგორშეკი აცხადებს, რომ მომხმარებელმა უნდა შეძლოს, ნათლად დაინახოს, თუ რომელი ქვეყნის პროდუქტს შეიცავს შერეული თაფლი.

თეორიულად, მცირე რაოდენობით ევროკავშირის ხარისხიან თაფლში იმპორტირებული იაფფასიანი თაფლი შესაძლოა, დიდი რაოდენობით იქნას შერეული, რის გარჩევასაც მომხმარებლები ვერ შეძლებენ.

„შერეული თაფლის მარკირების წესების განახლება სლოვენიის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის დღის წესრიგში უმთავრესი საკითხია და ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევასთან წევრი ქვეყნების მიერ გამოცხადებული მხარდაჭერაც გვაახლოებს,“ - ამბობს პოდგორშეკი.

მისი თქმით, წესების განახლება, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე ევროკავშირის მეფუტკრეების კონკურენტუნარიანობას გაზრდის.

საკითხის მიმართ პრინციპული მხარდაჭერა გერმანიამ წლის დასაწყისში გამოხატა და შერეულ თაფლზე უფრო ზუსტი მარკირება მოითხოვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ