რეფინანსირების სესხები ისევ იზრდება

მიმდინარე წელს ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი ანუ, ფაქტობრივად, ფულის ფასი ქვეყანაში 10%-მდე გაიზარდა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის სესხები ძვირდება.

იმ ფონზე, როცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იზრდება, ლოგიკურია, რომ რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა უნდა შემცირებულიყო, თუმცა როგორც სტატსიტიკა გვიჩვენებს, ეს ყველაფერი პირიქით მოხდა. უფრო კონკრეტულად, 15 სექტემბრის შემდეგ, როცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10%-ზე შენარჩუნდა, სესხების მაჩვენებელი მაინც გაიზარდა და 4 კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს 8.890 მლრდ ლარი ასესხა, რაც გასული კვირების მაჩვენებლებზე მაღალია.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ რეფინანსირების სესხებით ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე 1-კვირიან სესხებს გასცემს. იმ შემთხვევაში თუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იზრდება, მაშინ ფულის ფასიც იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უნდა გაიზარდოს, ხოლო ფულზე მოთხოვნა შემცირდეს. კლასიკური გაგებით რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც ინფლაციის მოსათოკად იყენებს.

ნოდარ სირბილაძე