საზღვრისპირა ტერიტორიაზე 5 კილომეტრის მანძილზე მიწები არ გასხვისდება

უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, მთავრობამ ახალი რეგულაციები შეიმუშავა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ახალი რეგულაციების შემუშავება დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით მოხდა. აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის მსურველ უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რამდენიმე გარემოების გათვალისწინება მოუწევთ. იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურმა პირმა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა შეძლოს, 3 წლიანი ბინადრობის უფლება უნდა ჰქონდეს. თუმცა მიწის ფართობი განსაზღვრულია და ის 5 ჰა-დან 100 ჰა-მდე მერყეობს. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათ საქართველოში მიწის შეძენა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი საქართველოში არიან რეგისტრირებული.

მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი რეგულაციის მიხედვით, საზღვრისპირა ტერიტორიაზე 5 კილომეტრის მანძილზე მიწები უცხოელებზე არ გასხვისდება. ახალი რეგულაციები უცხოელი და ქართველი წყვილის საკუთრებაში არსებულ მიწებსაც შეეხო. თუ საქართველოს მოქალაქე და უცხოელი ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწას, განქორწინების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს ყოფილი უცხოელი მეუღლის მიწის შეძენის უპირატესობა ენიჭება. ყოფილი უცხოელი მეუღლე კი ვალდებული ხდება, გაასხვისოს მიწა, რომელსაც ქართველ მეუღლესთან ქორწინებაში მყოფი ფლობდა.

ახალმა რეგულაციებმა მთავრობის, ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის განსხვავებული დამოკიდებულებები გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი რეგულაციები საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას ხელს შეუშლის და ეს ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი კი ბპნ.გე- სთან საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც კოღუაშვილი აღნიშნავს, მიწების ათვისება, მაქსიმალურად, ქართველი გლეხის მიერ უნდა მოხდეს: "აქ არავინ მოვა კიტრისა და პამიდვრის მოსაყვანად. ეს პრობლემა თავად ქართველი კაცის ხელით უნდა გადაწყდეს. ამ მიწების ათვისება ქართველი გლეხის მიერ უნდა მოხდეს. სახელმწიფოს კი სწორი პოზიცია უნდა ჰქონდეს, რათა ხელი შეუწყოს ქართველ გლეხს".

მისივე თქმით, უცხოელებს უნდა ჰქონდეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის უფლება, მაგრამ ეს პროცესები შესაბამისად უნდა რეგულირდებოდეს: " უცხოელებს მიწის შეძენის უფლება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ისე უნდა რეგულირდებოდეს, როგორც განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში",- დასძენს კოღუაშვილი.

მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

თამარ კორკოტაშვილი