კომპანია Apple იძულებული გახდა დაეკორექტირებინა მისი მიზნობრივი მაჩვენებლები კომპანიის ახალი პროდუქციის iPhone-13-ის გაყიდვებთან დაკავშირებით. ამის მიზეზი კი მიკროჩიპების გლობალური დეფიციტია - წერს სააგენტო Bloomberg-ი.
როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, Apple წლის ბოლომდე გეგმავდა 90 მილიონი ახალი სმარტფონის წარმოებას, თუმცა კომპანიები Broadcom და Texas Instruments მას ვერ აწვდიან საჭირო რაოდენობით მიკროჩიპებს. შედეგად კი Apple-ს მოუწევს მაჩვენებლის 10 მილიონით შემცირება.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ Apple გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი ჩიპების შემსყიდველი კომპანია, თუმცა მიუხედავად მნიშვნელოვანი მსყიდველობითი შესაძლებლობისა, ის იმავე პრობლემებს აწყდება, რა პრობლემასაც აწყდებიან ელექტრონიკის მწარმოებელი სხვა კომპანიები. ამასთან, სააგენტოს მონაცემებით, მიკროჩიპების მწარმოებლები ამ დრომდე აცხადებენ, რომ მომავალ წელსაც მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბებს.
შეგახსენებთ, Apple-მა ახალი iPhone-13-ის ხაზი სექტემბერში წარმოადგინა და მათზე ამ დროისთვის მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.