პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ლარის კურსი დოლართან ფაქტობრივად, არ შეცვლილა, ხოლოს ევროსთან მიმართებით 0.1%-ით გაუფასურდა.
განსხვავებული სურათია წლიურ ჭრილში, უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.8%-ით გამყარდა, ხოლო ევროსთან გამყარების მაჩვენებელმა 1.9% შეადგინა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ თვეზე მეტია, რაც ერთი ამერიკული დოლარი დაახლოებით 3,11 ლარიდან 3,12 ლარის ფარგლებში ივაჭრება.
რაც შეეხება სამეზობლოში არსებული ქვეყნების ეროვნულ ვალუტებს. ერთი წლის განმავლობაში თურქული ლირა დოლართან 11.7%-ით გაუფასრუდა. ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება დაახლოებით 9 ლირაა. ამასთან, ერთი წლის განმავლობაში სომხური დრამი დოლართან 0.4%-ით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება დაახლოებით 480 სომხური დრამია. გარდა ამისა, აზერბაიჯანული მანათი უმნიშვნელოდ 0.1%-ით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 1,67 მანათი შეადგინა.
რაც შეეხება რუსეთს, ამ ერთი წლის განმავლობაში რუსული რუბლი დოლართან 3.9%-ით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულება დაახლოებით 72 რუბლს შეადგენს.