თუ გვინდა ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არ ვიცხოვროთ, სახელმწიფომაც უნდა მიხედოს ამ საკითხს - მამუკა სალუქვაძე კორპუსების მიშენებებზე

ბათუმში, ქაოსურ განაშენიანებასთან დაკავშირებით მძიმე მდგომარეობაა, - ამის შესახებ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ქალაქში მშენებლობების ხარისხი ასევე სერიოზული პრობლემაა, რასაც კონტროლისა და მონიტორინგის გამკაცრება სჭირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს არსებობდეს ის დოკუმენტი, რომელსაც საბინაო პოლიტიკა ეწოდება. გარკვეული სტრატეგია უნდა იყოს საცხოვრისთან დაკავშირებით, რომელიც აღწერს მდგომარეობას და ძალიან კარგად გასცემს რეკომენდაციებს. ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით იმ მიდგომებს დააფიქსირებს, რომელიც სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს საბინაო ფონდთან დაკავშირებით. ასევე არის ავარიული სახლების პრობლემაც, საფრთხის შემცველი შენობებისა და საცხოვრისის, ბუნებრივია, უსახლკაროთა პრობლემა, რომელიც მოკლე პერიოდში უნდა გადაიჭრას. ამას ებმის კანონმდებლობა, რომელიც ასევე დასახვეწია და არ არის სრულყოფილი. გამოითქვა მოსაზრება სამშენებლო რეგულაციების გამკაცრების თაობაზე, რასაც ვეთანხმები. ბევრი რამ, რასაც დღეს ვიმკით, ეს არის სწორედ 2000-იანი წლების ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკის შედეგი, რომელმაც მათ შორის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის დასუსტებაც გამოიწვია. საშუალება მისცა კერძო მესაკუთრეებს, საერთოდ საქმის კურსში არ ჩაეყენებინათ გარკვეულ სამუშაოებთან დაკავშირებით მუნიციპალური სტრუქტურები“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მისი შეფასებით, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

„მიშენებები, დაშენებები გუშინ ხომ არ გვინახავს?! ძალიან კარგად ვიცით, რომ 90-იანი წლებიდან მოგვყვება. რა ხარისხით არის გაკეთებული, ამაზე თითქოს ყველას გვაქვს ჩვენი აზრი და ვიცით, რომ ძალიან საშიშია. ისიც ვიცით, რომ გარდა იერსახის დამახინჯებისა, სწორედ უსაფრთხოების პრობლემას უკავშირდება ეს ყველაფერი და თუ გვინდა კატასტროფიდან კატასტროფამდე, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არ ვიცხოვროთ, აუცილებელია, სახელმწიფომაც მიხედოს ამ საკითხებს“,- განაცხადა სალუქვაძემ.