ემანუელ მაკრონმა რეინდუსტრიალიზაციის გეგმა France 2030 წარადგინა

საფრანგეთის მთავრობამ პოსტკრიზისული რეინდუსტრიალიზაციის გეგმა, სახელწოდებით „France 2030“ შეიმუშავა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გეგმის ფარგლებში, სტრატეგიულ სექტორებში, მათ შორის, ბირთვული ენერგეტიკის, წყალბადის, მწვანე მობილობის, ბიოტექნოლოგიის, კოსმოსურ და კულტურულ ინდუსტრიებში 30 მლრდ ევროს ინვესტიცია განხორციელდება. France 2030 ელისეს სასახლეში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა წარადგინა.

„ამ ყველაფრის გასაღები ჩვენი დამოუკიდებლობაა,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

მაკრონის თქმით, „ნომერ პირველი მიზანი" არის ბირთვული წარმოების ინვესტირება, ამიტომ სახელმწიფო მცირე ბირთვული რეაქტორებისა და ბირთვული ნარჩენების დამუშავების ტექნოლოგიების მხარდასაჭერად მილიარდ ევროს გამოყოფს.

წყალბადი, ასევე იქნება ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, ამიტომ პრეზიდენტი აცხადებს, რომ საფრანგეთს, მინიმუმ, 2 დიდი ელექტროლიზური ქარხანა უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორისთვის და სამრეწველო წარმოებიდან ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებისთვის 8 მლრდ ევრო გამოიყოფა.

4 მლრდ ევროთი დაფინანსდება საავტომობილო და საავიაციო მშენებლობა. აქცენტი ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების, ასევე ეკოლოგიურად სუფთა თვითმფრინავების წარმოებაზე გაკეთდება.

2 მლრდ ევროთი აგროსასურსათო მრეწველობის ინვესტირება მოხდება, რაშიც ყურადღება რობოტექნიკურ და გენეტიკურ ინოვაციებზე გამახვილდება. ჯანდაცვა 7,5 მლრდ ევროთი დაფინანსდება.

გარდა ამისა, ნახევარგამტარი ჩიპების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად 6 მლრდ ევრო დაიხარჯება. ამ ინვესტიციის მიზანი 2030 წლისთვის ელექტრონიკის წარმოების გაორმაგებაა.

France 2030 პაკეტი, ასევე, კულტურის ინდუსტრიის დახმარებასაც მოიცავს, რაშიც აქცენტი ვიზუალურ კონტენტზე და კოსმოსურ სექტორზე გაკეთდება. განათლებასა და პროფესიულ სწავლებაზე 2 მლრდ ევრო გამოიყოფა.

France 2030-ის გეგმა პირველად ზაფხულის დასაწყისში დაანონსდა. ის ქვეყნის აღდგენის 100 მლრდ ევროს გრძელვადიანი ინვესტიციების გეგმის შესავსებად შეიმუშავეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ