აშშ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის მექსიკასთან და კანადასთან საზღვარს ხსნის

აშშ ნოემბრიდან კანადასთან და მექსიკასთან სახმელეთო-სასაზღვრო შეზღუდვებს სრულად აცრილი უცხოელებისთვის გააუქმებს. ინფორმაციას Voice of America ავრცელებს.

„ჩვენ მექსიკისა და კანადის მოგზაურებს, რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად არიან აცრილი, საშუალებას მივცემთ, აშშ-ში შემოვიდნენ. ვგულისხმობთ მგზავრობას გადაუდებელი მიზეზის გარეშე, კერძოდ, მოინახულონ მეგობრები და ოჯახი ან იმოგზაურონ ტურიზმისთვის. ისინი შეძლებენ, გადაკვეთონ ჩვენი საგუშაგოები როგორც სახმელეთო, ისე საბორნე გადასასვლელებზე," - აცხადებს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი, ალეხანდრო მაიორკასი.

თუმცა ჯერ არ კონკრეტდება ზუსტი თარიღი, თუ როდიდან ამოქმედდება ახალი წესები ნოემბერში. მანამდე შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ 33 ქვეყნიდან, მათ შორის, ევროპელებისთვის მგზავრობაზე აკრძალვას გააუქმებს.

აშშ-ში მგზავრობის აკრძალვის შემსუბუქებას კანადა და მექსიკა, სხვა ქვეყნების მსგავსად, თვეების განმავლობაში მოითხოვდნენ, რადგან საზღვრის ჩაკეტვა ოჯახური და სხვა კავშირებისთვის, ასევე ტურიზმისთვის დიდი დაბრკოლება გახდა.

აშშ-ში სამოგზაურო შეზღუდვები პირველად ჩინელ მგზავრებს 2020 წლის იანვარში, მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაუწესა. შემდეგ ეს აკრძალვა სხვა ქვეყნებზე და ევროკავშირზეც გავრცელდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ