ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, როცა სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველო 6 წელში ეკონომიკური ზრდის მიხედვით იქნება ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოვადიან პერიოდში - 2021-2026 წლებში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.

„სავალუტო ფონდის პროგნოზით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველო მომდევნო 6 წელიწადში შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მიხედვით ლიდერის პოზიციას როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში.

ჩვენ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება - საშუალო ტემპით 5.8 პროცენტი, თითქმის 6 პროცენტი წლიურად. აღნიშნული მოგვცემს საშუალებას, ძალიან სწრაფად დავძლიოთ ის ნეგატიური შედეგი, რაც პანდემიამ მოგვაყენა, ასევე დავძლიოთ სიღარიბე, ხოლო ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ძლიერი გავხადოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.