იანვრიდან საფრანგეთში ხილ-ბოსტნეული პლასტიკური შეფუთვით აღარ გაიყიდება

საფრანგეთმა ხილისა და ბოსტნეულის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც მომავალი წლიდან პლასტიკური შეფუთვის გარეშე გაიყიდება. ინფორმაციას Radio France Internationale (RFI) ავრცელებს.

„ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთჯერად პლასტმასს გადაჭარბებული რაოდენობით ვიყენებთ,” - ნათქვამია ეკონომიკის, ეკოლოგიური გარდამავლობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს მონაცემებით, საფრანგეთში ხილისა და ბოსტნეულის, დაახლოებით, 37% შეფუთულია. ჰენრიხ ბელის ფონდის მონაცემებით, საფრანგეთში პლასტმასის 45,5%-ს სწორედ შესაფუთ მასალაში იყენებენ.

1-ლი იანვრიდან წიწაკის, კიტრის, პომიდვრის, ხახვის, კარტოფილის, სტაფილოს, ვაშლის, მსხლის, ქლიავის, მანგოს, ციტრუსის, ასევე, სხვა ხილისა და ბოსტნეულის პლასტმასის შეფუთვაში გაყიდვა აიკრძალება.

პროდუქციით მოვაჭრეები აკრძალვას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ საფრანგეთში საკვები პროდუქციის შეფუთვა მთლიანი პლასტმასის შეფუთვების მცირე პროცენტს წარმოადგენს. მათი თქმით, ახალ წესზე გადასვლა რთული იქნება, რადგან მომხმარებელს არ სურს, პროდუქტს სხვა მომხმარებელიც ეხებოდეს, ხოლო მუყაოს შეფუთვა მყარი არ არის.

ზოგიერთი პროდუქტი პლასტიკური შეფუთვით ისევ გაიყიდება, მაგრამ ეს პრაქტიკა 2026 წლის ივნისის ბოლოსთვის მთლიანად შეწყდება.

პლასტიკური შეფუთვის აკრძალვა საფრანგეთში პლასტმასის ამოღების მრავალწლიანი პროგრამის ნაწილია. ამ პროგრამის ფარგლებში, შარშან პლასტმასის საწრუპების, ჭიქებისა და დანა-ჩანგლის გამოყენება აიკრძალა. ერთჯერადი თეფშები, რომლებსაც სწრაფი კვების რესტორნებში საკვების მოხმარებისთვის იყენებენ, 2023 წლის იანვარში აიკრძალება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ