ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში ავტობუსის 150 მოსაცდელს დააყენებს (+ფოტო)

დედაქალაქში ავტობუსის 150 ახალი მოსაცდელის დამონტაჟებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. დედაქალაქში მოსაცდელებს შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში რეგისტრირებული კომპანია - "მაიჯიპიესი“ დაამონტაჟებს.

რეესტრის მიხედვით, „მაიჯიპიესი“ 2010 წელს დარეგისტრირდა. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 60%-იან წილს მიხეილ ჩაკაბერია ფლობს, ის ასევე არის „მაიჯიპიესის“ დირექტორი. 40%-იანი წილის მფლობელი კი დავით ჭიჭინაძეა.

ცნობისათვის, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დედაქალაქში ავტობუსის 150 მოსაცდელის დამონტაჟებასთან დაკავშირებით 3 ტენდერი 19 სექტემბერს გამოაცხადა. ერთი ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 989 901 ლარი იყო, მეორე ტენდერის - 471 148 ლარი და მესამე ტენდერის - 1 294 042 ლარი. კომპანია „მაიჯიპიესის“ შეთავაზებული თანხა კი შესაბამისად იყო - პირველ ტენდერზე 977 000 ლარი, მეორეზე - 465 700 ლარი და მესამეზე - 1 277 777 ლარი. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიმწოდებელმა 150 ახალი მოსაცდელის მშენებლობა ეტაპობრივად, 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.

„მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოება უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების სრული დაცვით“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

mosac4-1630651048.jpgmosac2-1630651049.jpgmosac6-1630664405.jpgmosac5-1630664396.jpgmosac-1630651051.jpgmosac7-1630664415.jpgmosac8-1630664546.jpgmosac9-1630664556.jpg