Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 6.6 მილიარდი დოზა გამოიყენეს, რაც პლანეტის მოსახლეობის 43%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი

მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 6.6 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 27.6 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 43%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი. მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.22 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 968 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 576 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 404 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 65.9% აიცრა, აშშ-ში 56.6%, ჩინეთში კი - 74.8%.