იტალიურმა ყველმა მოცარელამ ფრანგულ კამამბერს გაყიდვებით გადაუსწრო

სექტემბერში საფრანგეთში იტალიურმა ყველმა, მოცარელამ გაყიდვებით ფრანგულ კამამბერს პირველად გადაუსწრო. Le Figaro წერს, რომ მანამდე რბილი ყველი, კამამბერი ყოველთვის უფრო პოპულარული იყო.

„პირველად საფრანგეთში კამამბერის გაყიდვები, რომელიც ისედაც მცირდებოდა, მოცარელას გაყიდვებზე დაბალი იყო, რომლის რეალიზაციაც წლის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა,” - აცხადებს კამამბერის მწარმოებელთა ნორმანდიული კავშირის პრეზიდენტი, ფაბრის კოლიე.

მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 11 სექტემბრის ჩათვლით, საფრანგეთში 29 230 ტონა კამამბერი და 33 170 ტონა მოცარელა გაიყიდა.

ფაბრის კოლიეს ვარაუდით, ეს შესაძლოა, ყველის მოხმარების ტრადიციით იყოს გამოწვეული. მაგალითად, კამამბერს უფრო ხშირად ყველის თეფშზე მიირთმევენ და რესტორნებში მოიხმარენ, მოცარელა კი მარტივად მოსამზადებელ ბევრ კერძში შედის.

ფაბრის კოლიე ინდუსტრიის მომავლის გამო შეშფოთებულია, რადგან კამამბერის წარმოება საფრანგეთში 1980-იანი წლებიდან განახევრდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ