დიდი გარღვევა - ქართული სუფრის ყურძნის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

ქართული სუფრის ყურძნის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. ამის მიზეზად EastFruit მწარმოებლებში მისი პოპულარობის ზრდას ასახელებს. პორტალის ანალიტიკოსების პროგნოზით, არსებული კარგი ფასებიდან გამომდინარე, მომდევნო წლებში ქართული სუფრის ყურძნის წარმოება კიდევ უფრო გაიზრდება..

მარტო სექტემბერში საქართველოდან იმაზე მეტი სუფრის ყურძენი გავიდა, რაც მთლიანად წინა შვიდი წლის განმავლობაში. EastFruit-ს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, გასულ თვეში ექსპორტზე 530 ტონა სუფრის ყურძენი გავიდა, საექსპორტო შემოსავალმა კი 403 000 დოლარი შეადგინა.

ქართული სუფრის ყურძნის ექსპორტისთვის ორი მიმართულება გამოიკვეთა: მთავარ იმპორტიორს რუსეთი წარმოადგენდა, სადაც საქართველოდან ექსპორტირებული სუფრის ყურძნის 98% იგზავნებოდა. დანარჩენი 2% ყატარში გავიდა. საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, ტონაზე საშუალო ფასი (FOB მომსახურებით) 760 დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ რუსები ტონაზე 740 დოლარს იხდიდნენ მაშინ, როცა ყატარში ყურძნის საშუალო ფასი 2000 დოლარს შეადგენდა.

EastFruit-ის შეფასებით, საქართველოში ბოლო წლებში სუფრის ყურძნის პოპულარობა გაიზარდა, მაგრამ მთლიანი წარმოების თითქმის 99% ჯერ კიდევ ღვინის ყურძენია.

„ადგილობრივმა მწარმოებლებმა, რომლებსაც აქამდე სუფრის ყურძენი არ აინტერესებდათ, ეს ალტერნატივა აუცილებლად უნდა განიხილონ, რადგან 1 კგ სუფრის ყურძენს, საშუალოდ, 1,5-3-ჯერ მეტი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე ღვინის ყურძენს. ეს თანაფარდობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ისეთი საექსპორტო ფასებიდან გამოვთვლით, რასაც ყატარის მსგავსი ქვეყნები იხდიან,“ - აცხადებენ EastFruit-ის ანალიტიკოსები.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ