ევროკავშირი ფალსიფიცირებული ჩინური თაფლის იმპორტის შესაჩერებლად მარკირების წესს ცვლის

ევროკავშირი საკვები პროდუქტების მარკირების წესებს ცვლის, რათა ბლოკის ბაზარზე ფალსიფიცირებული ჩინური თაფლის შეტანა შეაჩეროს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის საკითხების ევროკომისარი და წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრები შეთანხმდნენ.

Politico-ს ცნობით, თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ფალსიფიცირებული პროდუქტია. ევროკავშირის მეფუტკრეები დიდი ხანია, უჩივიან უსამართლო კონკურენციას დაბალი ხარისხის ჩინურ თაფლთან, რასაც მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა მასშტაბურად ამზადებს.

გამოცემა წერს, რომ ჩინელი მწარმოებლები თაფლს, როგორც წესი, შაქრის სიროფზე ამზადებენ, ეს პრაქტიკა კი ევროკავშირის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მით უმეტეს, ფასლიფიცირებული თაფლის ნატურალურისგან გარჩევა ძნელია.

ევროკავშირში თაფლის მარკირების არსებული წესი ეტიკეტზე წარმოშობის ქვეყნის მითითებას მოითხოვს, მაგრამ როცა საქმე ეხება სხვადასხვა ქვეყნის შერეულ თაფლს, მითითება ბუნდოვანია, რადგან ეტიკეტს მხოლოდ „EU“ (ევროკავშირი), ან არაწევრი ქვეყნის დასახელება, ანდა უბრალოდ „შერეული“ აწერია.

შერეული თაფლის „დეტალური და ერთმნიშვნელოვანი" მარკირების ინიციატივით საფრანგეთი, პორტუგალია და განსაკუთრებით სლოვენია გამოდის, რომელიც მოყვარული მეფუტკრეების ქვეყანაა. სლოვენია ამჟამად ევროკავშირის თავმჯდმარე ქვეყანაა, რასაც ამ საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად იყენებს.

სლოვენიის სოფლის მეურნეობის მინისტრი, იოჟე პოდგორშეკი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის საკითხების ევროკომისარმა, იანუშ ვოიცეხოვსკიმ და წევრი ქვეყნების უმრავლესობამ „შერეულ თაფლზე მარკირების წესის შეცვლის აუცილებლობა აღიარა.“

სლოვენიის ინიციატივით, შერეული თაფლის ეტიკეტზე წარმოშობის ქვეყნები ინდივიდუალურად უნდა იყოს მითითებული. მართალია, სლოვენიელი მინისტრი თავის განცხადებაში ჩინეთს ან რომელიმე მესამე ქვეყანას კონკრეტულად არ ასახელებს, მაგრამ ცნობილია, რომ ჩინეთი ერთ-ერთი უმსხვილესი თაფლის ექსპორტიორია ევროკავშირში, ხოლო ფალსიფიცირებული ჩინური თაფლი წლებია, ბრიუსელში განხილვის საკითხია.

მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, ასევე, სურს, ეტიკეტზე იყოს იმის მითითებაც, თუ რამდენია თითოეული ქვეყნის წილი შერეულ თაფლში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ