ხილ-ბოსტნეულის გაყინვა წყალში მოთავსებით - ამერიკული ინოვაცია, რომელიც წელიწადში 6.5 მილიარდ კვტ.სთ ენერგიას ზოგავს

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურმა (ARS) და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხილისა და ბოსტნეულის გაყინვის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. Freshfruitportal-ის ცნობით, ახალი მეთოდით საკვები უფრო უსაფრთხო და უკეთესი ხდება, ასევე, იზოგება ენერგია და ნახშირბადის გამონაბოლქვი მცირდება.

იზოქორიული გაყინვის მეთოდი გულისხმობს საკვები პროდუქტების შენახვას ჰერმეტულ კონტეინერში, რომელიც მყარი პლასტმასის ან ლითონისგან არის დამზადებული და მთლიანად იქნება სავსე ისეთი სითხით, როგორიც არის, მაგალითად, წყალი. სტანდარტული გაყინვის დროს ხილ-ბოსტნეულზე ნულ გრადუს ცელსიუსზე დაბალი ტემპერატურა ზემოქმედებს, როცა პროდუქცია გამყარებამდე იყინება. ამისგან განსხვავებით, იზოქორიული გაყინვა საკვებ პროდუქტს გამყარებამდე არ ყინავს და ვიდრე ის წყალში არის მოთავსებული, დაცულია ყინულის კრისტალიზაციისგან და ხილის სტრუქტურა არ ირღვევა.

„თუკი მთელი მსოფლიო საკვები პროდუქტების იზოქორიულ გაყინვაზე გადავა, ენერგიის მოხმარება, ყოველწლიურად, შესაძლოა, 6.5 მილიარდი კვტ.სთ-ით შემცირდეს. შესაბამისად, ამ ენერგიის გამოსაყოფად საჭირო ნახშირბადის გამონაბოლქვი 4.6 მილიარდი კილოგრამით შემცირდება. საკვების სრულად გამყარებამდე გაყინვა ენერგიის უზარმაზარ რაოდენობას მოითხოვს. თუკი გაყინული პროდუქციის მწარმოებლები ახალ მეთოდზე გადავლენ, ენერგიის დაზოგვა მათი ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე მოხდება,” - აცხადებს ARS-ის საკვები პროდუქტების მკვლევარი, კრისტინა ბილბაო-საინსი.

მისი თქმით, იზოქორიული გაყინვა, ასევე, საშუალებას იძლევა პროდუქტები, მათ შორის, პომიდორი, ბალი და კარტოფილი უფრო ხარისხიანად იქნას შენახული. იზოქორიული გაყინვის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის დამუშავების დროს მიკრობულ დაბინძურებას კლავს.

„მწარმოებლებიდან დაწყებული და გადამამუშავებლებით დამთავრებული, გაყინული საკვები პროდუქციის წარმოების მთლიან ჯაჭვს შეუძლია, იზოქორიული გაყინვა გამოიყენოს. თუ ეს ინოვაციური კონცეფცია ძალაში შევა, ეს შესაძლოა, საკვები პროდუტების გაყინვის სფეროში ახალ რევოლუციად იქცეს,“ - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ცენტრ WRRC-ის დირექტორი, ტარა მაკჰიუ.

კვლევის კიდევ ერთი წამყვანი ავტორი, ბერკლის ინჟინერ-მექანიკოსი, მეთიუ პაუელ-პალმი აცხადებს, რომ იზოქორიული გაყინვა შესაძლოა, გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ კვების მრეწველობაში, არამედ მედიცინაში, ბიოლოგიაში და კოსმოსურ მოგზაურობაშიც კი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ