ქართულმა თაფლმა ექსპორტზე რეკორდი მოხსნა - „თუმცა ჩვენ გვინდა ეს ციფრები უფრო გავზარდოთ“

2021 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული თაფლის ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტი გაზრდილია 33-ჯერ, პროდუქციის 80% კი ევროკავშირის ბაზარზე გავიდა.

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტირებულია 98 ათასი დოლარის ღირებულების 116.54 ტონა ნატურალური თაფლი, 2020 წელს კი იანვარ-აგვისტოში 28.2 ათასი დოლარის ღირებულების 3.54 ტონა თაფლი გავიდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, იანვარ-აგვისტოში ქართული თაფლის ექსპორტი 15 ქვეყანაში განხორციელდა:

ყველაზე დიდი რაოდენობის პროდუქტი კი შემდეგ ქვეყნებში გავიდა:

  • ბულგარეთი - 49.87 ტონა (107.7 ათასი დოლარი)
  • საფრანგეთი - 43.80 ტონა (196.9 ათასი დოლარი)
  • რუსეთი - 10.00 ტონა ( 7.5 ათასი დოლარი)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2.98 ტონა (18.8 ათასი დოლარი)
  • აშშ - 1.43 ტონა (13.8 ათასი დოლარი)

მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ალეკო პაპავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ უკვე ექსპორტირებული თაფლის გარდა, საქართველოს მზად აქვს კიდევ 90 ტონა თაფლი, რომელსაც უცხოეთში გასატანად ამზადებენ.

„2021 წელს უკვე 117 ტონა არის გასული, გარდა ამისა, 90 ტონა კიდევ შეგროვებულია და ემზადება გასასვლელად. საქართველოში ამჟამად იწარმოება დაახლოებით 2-3 თასი ტონა თაფლი, თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი ამ კუთხით.

„თაფლის მწარმოებელ საწარმოს, „აპიჯეოს“ აქვს 20-ტონიანი ამრები და სწორედ ამის დამსახურებაა დადებითი შედეგი, რადგან სიმძლავრეც აქვს და შეუძლია თვეში 40 ტონის გაშვებაც, რაც წელიწადში დაახლოებით 500 ტონა იქნება.

ქართული თაფლის ექსპორტი უკვე გააქტიურდა საფრანგეთსა და ბულგარეთში. სხვა ქვეყნებიდანაც ჩნდება მოთხოვნები - აშშ, კანადა, არაბული ქვეყნები და ა.შ. კარგია, რომ ჩვენი თაფლის ექსპორტი ადგილიდან დაიძრა და აქტიურდება, თუმცა ჩვენ გვინდა ეს ციფრები უფრო გავზარდოთ,“- ამბობს ალეკო პაპავა.

მისივე თქმით, 2020 წლის მონაცემებით, ქართული თაფლის ნიმუშში 6% დანაგვიანება იყო და აუცილებელია ამ მაჩვენებლის შემცირება.

„გარკვეულწილად 2020 წლის მონაცემებით თაფლის ნიმუშში დანაგვიანება იყო 6%, თუმცა ეს 6% - იც გარკვეულწილად საფრთხეს ქმნის. პარტიების დაგვიანება იმიტომ ხდება, რომ მწარმოებელს უწევს თაფლის ორჯერ გადაგზავნა, რადგან გადაამოწმოს შემადგენლობა. აუცილებელია, რომ აღნიშნული 6% - იც აღმოიფხვრას,“- ამბობს პაპავა.

ქრისტინე კაპანაძე