პანდემიურ წელს „ბეკოს“ მოგება გაეზარდა

პანდემიურ წელს „ბეკოს“ (შპს ტექნოჰაუსი) მოგება გაეზარდა. ამის შესახებ მისი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.

2020 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, „ტექნოჰაუსი“ (ბეკო) არის მე-2 კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.

ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა რეალიზაციიდან 38 705 084 ლარი შეადგინა, რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულება კი 29 598 119 ლარი იყო. შესაბამისად, კომპანიის მთლიანი მოგება - 9 106 965 ლარი იყო.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიის წმინდა მოგება იყო 2 203 810 ლარი. მაშინ როცა 2019 წელს 1 606 686 ლარის მოგებაზე გავიდა. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის მთლიანი აქტივები შეადგენდა 24 192 963 ლარს.

შპს „ტექნოჰაუსი“ დაარსდა 2009 წლის 23 აპრილს. კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელია (100% წილის მფლობელი) იუსუფ ბაშარი. კომპანიის დირექტორია მეჰმედ მელექი.

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც საცალო, ასევე სადილერო საყოფაცხოვრებო ტექნიკის და კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვა, აგრეთვე პროდუქცია ექსპორტზე გააქვს ყირგიზეთსა და სომხეთის რესპუბლიკაში.

კომპანია არის მსოფლიო ბრენდების ბეკოს, ბლომბერგის, გრუნდიკის, ალტუსის, მილენის, სანის, ვოქსის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

2020 წლის განმავლობაში კომპანიაში დასაქმებული იყო საშუალოდ 129 თანამშრომელი.

თაია არდოტელი