მთავრობა ხორბლის მარაგის შესავსებად ახალ გზებს ეძებს

”დღეს ერთი ტომარა ფქვილის მინიმალური ფასი 35-36 ლარია, კრიტიკულ ფასად მეპურეები 45 ლარს ასახელებენ”

ხორბალი ნებისმიერი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროდუქტია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში იმდენი ხორბალი ვერ მოჰყავთ, რამდენიც საქართველოს მოსახლეობას გამოკვებავდა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაფართოებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ჯერჯერობით კი, ჩვენი ქვეყანა ხორბლის იმპორტზეა დამოკიდებული. bpn.ge საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას ამ სფეროში არსებულ სიახლეებსა და პრობლემებზე ესაუბრა.

ლევან სილაგავა: ხორბლის მარაგს დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნისათვის იმიტომ, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროდუქტია, როგორც მაგალითად, ნავთობი, გაზი, ენერგომატარებლები და ა.შ... სწორედ ამიტომ, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს გაერომ მიიღო რეკომენდაცია, რომ ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ხორბლის მარაგი მოხმარების 12 პროცენტის ოდენობით მაინც. ეს რეკომენდაცია ყველა სახელმწიფოს დაეგზავნა და დღესდღეობით, ყველა ცდილობს ჰქონდეს ეს მარაგი, რომ ეკონომიკური, თუ პოლიტიკური რყევების დროს პურის ფასი დააბალანსოს. პურის, და საერთოდ, სურსათის სიძვირე, ან უკმარისობა არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური არეულობის მიზეზი. ამის დასამტკიცებლად ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია - სხვათა შორის, ეგვიპტეში მომხდარი ე.წ. ფერადი რევოლუციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სტრატეგიული მარაგების არარსებობა იყო. ამიტომ, ხორბლის მარაგის შევსებაზე ყველა ქვეყნის მთავრობა ზრუნავს. ბოლო ხანებში სიტუაცია უფრო გაართულა იმან, რომ რუსეთმა გადაწყვიტა თავისი საექსპორტო ბაზარი დაკეტოს. სხვათა შორის, ამის შემდეგ ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხორბლის მარაგი 1,5-ჯერ უნდა გაზარდოს. ეს ძალზე გონივრული ნაბიჯია, მით უმეტეს, მომავალი წელი ამ მხრივ შეიძლება ოდნავ დაძაბული იყოს: წინა ორი წელი ხორბლის ფასის მხრივ საკმაოდ კომფორტული იყო, იმისათვის, რომ რისკები მაქსიმალურად შემცირდეს, ჩვენი მთავრობა ცდილობს ხორბლის რეზერვები შეავსოს და გაზაროდს.

- როგორ იმოქმედებს რუსეთის გადაწყვეტილება ჩვენზე?

- მართალია, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთი ჩვენი მთავარი მომწოდებელი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო რუსულ ბაზარზე ვართ ჩამოკიდებული და სხვა გზა არა გვაქვს. სამი წლის წინ, მაგალითად, ყაზახეთიდან შემოვიტანეთ ხორბლის 80 პროცენტი იმის გამო, რომ ამ ქვეყანას ყველაზე მომხიბვლელი ფასი ჰქონდა ანუ ფასი სადაც უკეთესია, ხორბალიც იქიდან შემოგვაქვს. უბრალოდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთს ჰქონდა მისაღები ფასი და ძალიან ბევრ ქვეყანას ხორბალი იქიდან გაჰქონდა. ახლაც, სადაც მისაღები ფასი იქნება, ხორბალს იმ ქვეყნიდან წამოვიღებთ. 2015 წლიდან უკვე ევროპული ბაზრისკენ ავიღეთ გეზი - ამ წუთებშიც, ძალიან კარგი შემოთავაზება გვაქვს უნგრეთიდან. სერიოზულად განიხილება საკითხი, რომ მთავრობამ თავისი რესურსებით შემოიტანოს ევროპული და ამერიკული ხორბალი. ამერიკიდან უფრო დიდი რაოდენობით ხორბლის წამოღებაზეა ლაპარაკი, მაგრამ ამ საქმეს ერთი, ან ორი კომპანია ვერ გაწვდება და ამ პროცესში მთავრობამ თავისი რესურსიც უნდა ჩართოს. შეიძლება მთავრობამ შემოიტანოს ამერიკული ხორბალი, მერე წისქვილკომბინატებს მიჰყიდოს და რეზერვი ასე შეავსოს, შეიძლება თანამონაწილეობის გზითაც შეისყიდოს, მოკლედ, სხვადასხვა ვერსიაზე მიმდინარეობს მსჯელობა. ყაზახური ხორბლის შემოტანაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ამ წუთას ყაზახური ხორბლის ფასი ძალიან მაღალია. სასიხარულოა, რომ ევროპიდან უკეთესი შემოთავაზებები გვაქვს- ეს არის ევროპული ხორბალი ნორმალურ ფასად.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ასეთი რადიკალური ნაბიჯები გადაედგა?

-  რუსეთმა ფაქტობრივად დაკეტა თავისი ბაზარი, რადგან თავისი მარაგის შევსების პრობლემა შეექმნა, ეს დიდი ქვეყანაა და გარდამავალი რეზერვები მათთვისაც საჭიროა. წელს 4 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტზე გატანა ჰქონდათ დაგეგმილი და უკვე 20 ტონაზე ავიდნენ. თანაც, ახალ მოსავლამდე კიდევ ექვსი თვეა დარჩენილი. რუსული ხორბლის ექსპორტი ისეთი ტემპით განხორციელდა, რომ ვერ დააკავეს: მოგეხსენებათ, რუსული რუბლი გაუფასურდა და ექსპორტიორებს ერჩივნათ ვალუტაზე გაეყიდათ ხორბალი, ვიდრე რუბლზე. ასე რომ გაეგრძელებინათ, ეს უზარმაზარი სახელმწიფო ხორბლის რეზერვის გარეშე დარჩებოდა, ამიტომ იძულებული გახდნენ ეს პროცესი შეეჩერებინათ და ხორბლის მარაგი შეევსოთ. ჯერ ფიტოსანიტარული სერტიფიკატები არ გაიცემოდა, ამის შემდეგ რუსეთმა კიდევ უფრო მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო: საექსპორტო გადასახადი გაზარდა. ამიტომ, დღეს უკვე აზრი აღარა აქვს რუსეთიდან ხორბლის შემოტანას. ჩვენც სწორედ ამიტომ გადავერთეთ ევროპულ ბაზრებზე. ამ პროცესში ჩართულია მთავრობა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პირადად მინისტრი, ასევე - პრემიერთან არსებული კრიზისების მართვის საბჭო და ყველა შესაძლო რისკი მუშავდება, ასევე მუშავდება მექანიზმი, რომ ხორბლის მარაგი საქართველოში მუდმივად იყოს და ეს საკითხი მთავრობის მზრუნველობის ქვეშ დარჩეს.

- ამ ცვლილებებს პურის გაძვირება ხომ არ მოჰყვება?

- ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი გაძვირების საშიშროება არ არსებობს. წესით, ფქვილის ფასი იმ დონემდე არ მოიმატებს, რომ ამან პურის ფასზეც იმოქმედოს. დღეს ერთი ტომარა ფქვილის მინიმალური ფასი 35-36 ლარია, კრიტიკულ ფასად მეპურეები 45 ლარს ასახელებენ, ამიტომ უახლოეს თვეებში გაძვირების არავითარი საშიშროება არ არსებობს. მართალია, რუსეთი ბაზარს გამოეთიშა და ამან მთელ მსოფლიოზე იმოქმედა. ამის გამო ევროპული ბაზრის ფასი ოდნავ ძვირია, მაგრამ თუ ადრე შესყიდული ხორბლის რაოდენობას გავითვალისწინებთ, ეს საშუალებას იძლევა, რომ ფასი დაბალანსდეს. ფქვილის ფასი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ არა იმ ნიშნულამდე, რომ ამან პურზე ფასები გაზარდოს. თებერვალში კიდევ ახალი ანალიტიკა გამოქვეყნდება, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს შეისწავლის, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პური არ გაძვირდება. ამ ეტაპზე ხორბლის მარაგიც საკმარისი გვაქვს და როგორც გითხარით, მთავრობაში მარტო რეზერვების შევსებაზე კი არა, რაოდენობის გაზრდაზეც მსჯელობენ. ხორბლის მარაგი ჩვენ ყოველთვის გვქონდა, მაგრამ ამ საქმეში მთავრობის ჩართვა ძალზე მნიშვნელოვანია.

ხათუნა ჩიგოგიძე