იტალიური Alitalia-მ სახელი შეიცვალა

ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ფინანსური სირთულეების ფონზე ისტორიულმა იტალიურმა ავიკომპანიამ Alitalia დაასრულა რეორგანზაიციის პროცესი და 15 ოქტომბრიდან იწოდება როგორც ITA (Italia Trasporto Aereo S.p.a.).

ახალი კომპანიის ავიარეისებზე უკვე შესაძლებელია ბილეთების დაჯავშნა 36 შიდა, ევროპულ რეისზე და ორ კონტინენტთაშორის ფრენაზე ნიუ-იორკის და ტოკიოს მიმართულებით. ძველისგან ახალ კომპანიას ერგო 52 ლაინერი (რაც სამჯერ ნაკლებია 10 წლის წინანდელ მონაცემზე), კომპანიაში დასაქმებულების რაოდენობა შემცირებულია ოთხჯერ - 10 ათასიდან 2,8 ათასამდე.

ფაქტია, რომ Alitalia-მ ეროვნული ავიაკომპანიის ტიტული ჯერ კიდევ 2014 წელს დაკარგა, როცა აქციების 49% შეიძინა არაბულმა Etihad Airways-მა. თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანია ყოველწლიურად კარგავდა ნახევარ მილიარდ ევროს და მას არაბულმა ინვესტიციებმაც ვერ უშველა. ახლა კი კომპანიის წინა ხელმძღვანელები სასამართლო პროცესებში არიან ჩართულნი კომპანიის გაკოტრებამდე მიყვანის გამო. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო კომპანიას არ შეუწყვეტია ფრენები, თუმცა სიხშირე და მიმართულებები განახევრდა, შედეგად კი კომპანიამ 2020 წელს 2,2 მილიარდი ევროთი იზარალა.

Alitalia ისტორიული კომპანიაა, რომელიც არსებობის 70 წელს ითვლის. მისი ყველაზე დიდი ზრდის წლები მოდის 80-90-იან წლებზე, უკვე 2018 წელს კი კომპანიამ 20 მილიონი მგზავრი გადაიყვანა 100 მიმართულებით.

ახალი რესტრუქტურიზაციის შედეგად კი კომპანია აპირებს დაიბრუნოს ძველი დიდება და შემოსავლები, უკვე 2025 წლისთვის გააორმაგოს როგორც ფლოტის, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა.

Alitalia-ს უკანასკნელი რეისი ხუთშაბათს გვიან საღამოს კალიარიდან რომის მიმართულებით შესრულდა, ხოლო ITA-ს პირველი რეისი პარასკევს მილანის აეროპორტიდან ბარის მიმართულებით.

კოკა კვირკველია