სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 8-9 პროცენტით გაიზრდება

1-ლი აპრილიდან ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ფუფუნებად აღარ ჩაითვლება

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის 1-ლი აპრილიდან სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდება, რომელიც ძველისგან ძალიან განსხვავებულია. საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა იმან, რომ ახალი მეთოდოლოგიით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ამიერიდან საოჯახო ტექნიკას სარეიტინგო ქულად აღარ ჩაუთვლიან. ამასთან, ახალი მეთოდოლოგიით სტატუსის მინიჭებისას სოციალური აგენტის სუბიექტური აზრიც ამოღებულია.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თენგო ბაზაძემ ”მთელ კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, მეთოდოლოგია ჯერ სატესტო რეჟიმშია.

”ძირითადი ცვლილება ის არის, რომ სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება სარეიტინგო ქულაზე აღარ იმოქმედებს. ძველ მეთოდოლოგიაში სოციალური აგენტი თავისი შეხედულებისამებრ წერდა სუბიექტურ აზრს - ოჯახი იყო ღარიბი, ღატაკი, მდიდარი, საშუალო შესაძლებლობის მქონე თუ სხვა. სოციალური მუშაკის მიერ მინიჭებული დონე მკვეთრად ცვლიდა ქულების რაოდენობას. მაგალითად, თუ სოციალური აგენტი ოჯახს მისცემდა ყველაზე დაბალ შეფასებას, საერთო ქულა შეიძლება გამოსულიყო 10 000, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისცემდა ყველაზე მაღალ შეფასებას, მაშინ შეიძლება ყოფილიყო 50 000. ანუ, სოციალურ აგენტს ძალიან დიდი მანევრირების საშუალება ჰქონდა. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით კი სარეიტინგო ქულის მინიჭება აბსოლუტურად ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდება. გარდა ამისა, სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას ყურადღება არ მიექცევა საყოფაცხოვრებო ტექნიკას. მაგალითად, ძველ მეთოდოლოგიაში ასეთი ჩანაწერი იყო: ”გაქვთ თუ არა სხვა ქონება გარდა საცხოვრისისა, რომელშიც ცხოვრობთ?” პასუხი იყო მხოლოდ ”დიახ” ან ”არა”. არ ხდებოდა დაკონკრეტება, რეალურად, რა ფასეულობის მქონე ქონების მფლობელი იყო ბენეფიციარი. აღნიშნული ცვლილებით ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც არ არის შემოსავლის მომტანი, იქნება ეს ტელევიზორი, მაცივარი თუ სხვა, არ იმოქმედებს სარეიტინგო ქულაზე. თუმცა, ავტომობილი, მიწის ნაკვეთი, ტრაქტორი და ასეთი ტექნიკა, რა თქმა უნდა, სარეიტინგო ქულაზეც იმოქმედებს”, - აცხადებს ბაზაძე.

მანვე განმარტა, თუ რა ხდება სოციალურად დაუცველი პირების მუშაობის დაწყების შემთხვევაში. მისი თქმით, ადამიანი ჩვეულებრივ შეიძლება მუშაობდეს ოჯახში, მაგრამ იღებდეს სოციალურ შემწეობას. როგორც ბაზაძე ”მთელ კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, ”ასეთ შემთხვევაში სოციალური დახმარების დანიშვნა დამოკიდებულია ოჯახის წევრების რაოდენობასა და მომუშავე პირის (პირების) ანაზღაურებაზე. შეიძლება მრავალსულიანი ოჯახიდან მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობდეს, რაც შეიძლება არ იყოს საკმარისი პირობა ამ ოჯახის ნორმალური არსებობისთვის, ამიტომ გასათვალისწინებელია, თუ რა არის ოჯახის საჭიროება და შემოსავალი”.

როგოც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყაროს” თავმჯდომარე ზურაბ ფუტკარაძემ სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების შეფასებისას ”მთელ კვირას” განუცხადა, მოხარულია, რომ ხელისუფლებამ არასამთავრობოების რეკომენდაციები გაითვალისწინა და ეს პარამეტრები შეიცვლება. იგი იმედოვნებს, რომ ამ ცვლილებების შემდეგ სამართლიანად მოხდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარების დანიშვნა მათთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

”წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც სახლში საბჭოური წარმოების მაცივარი, ტელევიზორი ან სხვა აუცილებელი ტექნიკა ჰქონდა, ამაზე კი ქულები იწერებოდა, სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ ხვდებოდა. სისტემა სოციალურ აგენტს არ ავალდებულებდა განესაზღვრა ნაჩუქარი იყო ეს ნივთი თუ ნაყიდი, ან როდის იყო შეძენილი. ძალიან არასამართლიანი მიდგომა იყო და ის, რაც კეთდება, ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯია და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას კიდევ უფრო დაიცავს. ცვლილების შემდეგ მოსალოდნელია სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობის გაზრდა. საერთოდაც, კარგი იქნება, თუ არსებული ბაზა მთლიანად გადაიხედება, რის შემდეგაც ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რეალური სურათი გვექნება”, - აღნიშნა ”ჯანმრთელი სამყაროს” თავმჯდომარემ.

როდესაც სოციალურად დაუცველთათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავებულ სარეიტინგო ქულების დათვლის ახალ სისტემაზე ვსაუბრობთ, ბიუჯეტთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვის ნიშნები ჩნდება. კერძოდ, საუბარია, გაიზრდება თუ არა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რიცხვი ქვეყანაში, რამდენად სერიოზული იქნება სხვაობა და იქონიებს, თუ არა ეს მნიშვნელოვან გავლენას ქვეყნის ბიუჯეტზე. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 430 ათასი სოციალურად დაუცველი პირია. ცვლილების შემდეგ დახმარების მიმღებ პირთა რიცხვი დაახლოებით 35-დან 40 ათასამდე ადამიანით გაიზრდება, თუმცა, სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობია პირიქით, შემცირდება.

ამას კი იმით ხსნიან, რომ ძველი მეთოდოლოგიის შემთხვევაში, რადგან ოჯახის წევრებს სხვადასხვა თანხა ეძლეოდათ, ხშირად ოჯახის ხელოვნური დაყოფა ხდებოდა. მაგალითად, მშობლები ცალკე ირიცხებოდნენ, მათი შვილი და რძალი კი - ცალკე. ახლა კი ოჯახის ყველა წევრზე თანაბარი თანხა იქნება გასაცემი. ამიტომაც სამსახურში ვარაუდობენ, რომ ხელოვნურ დაყოფას თავიდან აიცილებენ, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობის შემცირებას, ხოლო ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს.

ბენეფიციართა რაოდენობის ცვლილებისა და ბიუჯეტზე მისი სავარაუდო გავლენის შესახებ, ”მთელი კვირა” ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ კაპანაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ეს ცვლილება არ არის ისეთი დიდი, რომ ბიუჯეტზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

”ბიუჯეტზე რა გავლენა უნდა მოახდინოს... იყო შეფასების რაღაც სისტემა, ზღვარი აწიეს და თუ უფრო მეტის დაფინანსება შეგიძლია - დააფინანსე. საშუალოდ 100 ლარი რომ ავიღოთ თვეში და 40 000 დამატებით ადამიანზე ვიანგარიშოთ, თვეში გამოდის 4 მილიონი, წლიურად გამოდის დაახლოებით 50 მილიონი და არ მგონია წელიწადში 50 მილიონით ბიუჯეტს წელში გამწყვეტი ტვირთი დააწვეს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ამ სისტემაზე საუბრობენ, მხოლოდ ამ სისტემის სტატისტიკით არ შემოიფარგლონ, გასათვალისწინებელია თუ რა ხდება მთლიანად ქვეყანაში. სწორედ ამის ფონზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. მაგრამ, რამდენად მოხდა ასე, არ ვიცი. ის ინფორმაცია კი, რასაც ბოლო დღეებში მედიის საშუალებით ვუსმენ, არანაირ საფუძველს არ მაძლევს ვიფიქრო, რომ ეს გადაწყვეტილება რეალურ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა მიღებული”, - აცხადებს კაპანაძე.

ექსპერტმა სისტემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი როლის ზედმეტი გაზვიადება ხდება. მისივე შეფასებით, იგი ვერ ხედავს სისტემის მიერ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებს ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისაკენ.

”რაც შეეხება თვითონ სისტემას, ცუდია, რომ მისი როლი ზედმეტად გაზვიადებულია. სისტემის როლი იმდენადაა გაზვიადებული, რომ ოჯახების ნახევარზე მეტს შეტანილი აქვს განაცხადი, რომ ”მინდა დახმარება, ანუ ვარ ღარიბი”, ეს კი იწვევს მთელი მოსახლეობის მენტალურად სიღარიბისკენ დაძვრას, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ჩემი აზრით, ადამიანები, ვინც მანდ გადაწყვეტილებებს იღებენ, ამ სისტემის შინაარსში კარგად გარკვეული არ არიან და არც ის იციან, ამ სისტემით რა უნდა გააკეთონ. უბრალოდ მცდელობაც კი არსად მინახავს, რომ სიღარიბის შემცირების რეალური კონცეფცია დადებულიყოს და რეალური მსჯელობა ყოფილიყოს. ყველაფერი მხოლოდ ემოციების დონეზე მიდის. დღეს დახმარების დანიშვნა მთლიანად სააგენტოს პასუხისმგებლობაა მაშინ, როცა თვითონ ოჯახმა უნდა შეავსოს დეკლარაცია, შეიტანოს და შემდეგ ამ შევსებული ფორმის საფუძველზე, როდესაც ქულას მიანიჭებენ, სოციალური აგენტი უნდა მივიდეს და შეავსოს იგივე ფორმა. ამ ორივე შევსებული ფორმის საფუძველზე კი ოჯახს უნდა დაენიშნოს დახმარება. ამ ცვლილებით კი, რასაც ახლა გვთავაზობენ, რეალურად არაფერი იცვლება, მხოლოდ კითხვარიდან ამოიღებენ რაღაც კითხვებს, სოციალური აგენტის სუბიექტურ შეფასებას, რაც სისტემის არსებით ცვლილებას არ გამოიწვევს,” - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

თაია არდოტელი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”