13 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის, მონპელიე სუპაგროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ერთობლივი, ორდიპლომიანი სამაგისტრო პროგრამის „მევენახეობა და ენოლოგია“ ხელშეკრულებას, რომელზეც სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის შენობაში გაიმართა, რომელსაც ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების გარდა, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კალასი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ოთარ შამუგია ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროგრამის სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა ორი, ქართული და ფრანგული დიპლომი აიღონ. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტი ევროპის კონსორციუმს შეუერთდება, რომლის შემადგენლობაშიც საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, შვეიცარიისა და სხვა მევენახეობის ქვეყნებიც შედიან. სტუდენტები სამაგისტრო პროგრამაზე - „მევენახეობა და ენოლოგია“ ერთი წლის სწავლების შემდეგ, ერთი წლით კონსორციუმის წევრ ნებისმიერ უნივერსიტეტში გადაინაცვლებენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ევროპული განათლება მიიღონ.
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებული ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს მემორანდუმი გააღრმავებს საქართველოსა და საფრანგეთს შორის საგანმანათლებლო კუთხით თანამშრომლობას. შეიძლება ითქვას, რომ ამ დრომდე საქართველო მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს მხოლოდ ისტორიულ ასპექტში იყო წარმოდგენილი, მაგრამ ახლა უკვე ველით, რომ ჩვენი ქვეყანა მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო და სამეცნიერო სფეროშიც წარმოჩინდება და აღნიშნულით, შესაბამის ადგილს დაიკავებს სწავლების მსოფლიო რუკაზეც.“- განაცხადა რექტორმა.
მონპელიე სუპაგროს დელეგაცია საქართველოში 16 ოქტომბრამდე დარჩება. ფრანგი პროფესორები და მკვლევარები მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საჯარო ლექციებს ჩაუტარებენ და დარგში საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას გაუზიარებენ.
საფრანგეთის ელჩის დიეგო კალასის თქმით, ამ ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ახალ, უფრო მნიშვნელოვან და ნაყოფიერ ეტაპზე გადავიდა, რაც მისი თქმით, საქართველოს ევროპულ კურსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
„მეღვინეობა-მევენახეობის სექტორი არის ერთ-ერთი, სადაც საქართველოსა და ევროპას შორის კონკრეტული კავშირი არსებობს და რომელიც მშენებლობის პროცესშია. ერთია ამ თემაზე საუბარი, მეორე კი მისი კომერციულ და პროფესიულ რეალობად გარდაქმნა. იმ რეალობად, რომელიც დასაქმების ახალ ადგილებსა და ევროპასთან საქართველოს ახალ კავშირებს მოიცავს. ღვინო ნამდვილად არის ის პროდუქტი, რომლითაც საქართველო მსოფლიო რუკაზე თავს წარმოაჩენს.“- განაცხადა ელჩმა.
აგრარული სფეროსადმი სახელმწიფოს მხრიდან დაინტერების მაღალი ხარისხი, მეღვინეობა-მევენახეობის დარგს კიდევ უფრო წარმატებულს ხდის. როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა:
„საფრანგეთისა და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ღვინო და ვენახი არის ტრადიცია, რაც სამთავრობო წარმომადგენლებს აკისრებს პასუხისმგებლობას, დარგი მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერილი მათ მიერ. სამეცნიერო და კვლევითი კომპონენტების განხორციელებისთვის აუცილებელი გახლავთ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ამიტომ იცით, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2022 წლისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება პროექტი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ტერიტორიაზე უმსხვილესი ლაბორატორიის მშენებლობას ითვალისწინებს.“
მევენახეობა-მეღვინეობის დარგისათვის, გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამაც. მისი თქმით: „აღნიშნული მემორანდუმი სტუდენტებს დამატებით აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ღრმა ცოდნა და განათლება, რაც მომავალში ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.“
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი და საფრანგეთის უნივერსიტეტი უკვე სამი წელია თანამშრომლობენ. მომავალში კი, კიდევ უფრო მეტი და საინტერესო კვლევითი პროექტების განხორციელებას გეგმავენ.