მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 918 მლნ ლარი, შსს-ს 800 მლნ ლარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კი 140 მლნ ლარი იქნება

ქვეყანას ეფექტური თავდაცვისთვის და არსებული საფრთხეების შესაკავებლად მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ბრძოლისუნარიანი, მობილური და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები სჭირდება, ამისათვის კი მნიშვნელოვანია თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააკეთა.

ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიმართულებებსა და ფინანსურ მაჩვენებლებზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა. მან დეპუტატებს სხვადასხვა სამინისტროს დაფინანსების მაჩვენებლებთან ერთად, ძალოვანი უწყებების საბიუჯეტო ასიგნებები გააცნო. კერძოდ, 2022 წლისთვის შემდეგი თანხების გამოყოფა იგეგმება: თავდაცვის სამინისტრო - 918 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო - 800 მლნ ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 140 მლნ ლარი; დაზვერვის დეპარტამენტი - 14.5 მლნ ლარი; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - 8.3 მლნ ლარი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 61 მლნ ლარი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო - 3.2 მლნ ლარი.

კომიტეტის წევრებმა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების რეაგირებაზე მისი მნიშვნელობა აღნიშნეს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეფასებით, აუცილებელია, რომ თავდაცვის უწყების დაფინანსება მილიარდ ლარამდე გაიზარდოს და ასევე გადაიხედოს ვეტერანთა სამსახურის დაფინანსების საკითხი.

კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიას მხარი დაუჭირეს.