„კარკასების ჩაბარება ძალიან ცუდი პრაქტიკაა - მნიშვნელოვანია, დეველოპერებმა საბოლოო პროექტი ჩააბარონ “

ბათუმში, ქაოსურ განაშენიანებასთან დაკავშირებით მძიმე მდგომარეობაა, - ამის შესახებ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, რომელიც ბათუმის გენერალური გეგმის შედგენაზე მუშაობს.

როგორც სალუქვაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ბათუმში, ისევე როგორც თბილისში, არ არსებობს ზუსტი მონაცემი ავარიულ სახლებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს პრობლემა სახასიათოა მთელი საქართველოსთვის, რადგან ზოგადად ქვეყანაში ან მონაცემების დეფიციტია, ან საერთოდ არ არის.

„ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტიკაზე. ზუსტი მონაცემი და ზუსტი სააღრიცხვო სისტემაა საჭირო. აუცილებელი საკითხია შენობების პასპორტიზაცია. მესმის რომ ავარიულია, მაგრამ რომელ კატეგორიას განეკუთვნება - მწვავეა თუ საშუალოდ ავარიულია. ამის შემდეგ მივდივართ უკვე მონიტორინგის - კონტროლის სისტემაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიკოჭლებს და გამკაცრებას მოითხოვს.

ამასთან, ცალკე საკითხია, მიშენებების/დაშენებების თემა, რომელსაც ძალიან კარგი შესწავლა სჭირდება. კატასტროფის წინაშე ვდგავართ. მსხვერპლის გარეშე, თუმცა მიშენებების ჩამოშლის ფაქტებიც, გვახსოვს,“-განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, კარკასების ჩაბარება არის ძალიან ცუდი პრაქტიკა.

„ეს არის ნახევარპროდუქტები, რომელსაც ვაბარებთ და შემდეგ იქ მიდის ხოლმე გადაკეთებების პროცესი. აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერებმა საბოლოო პროდუქტის სახით ჩააბარონ საბოლოო პროექტი,“-აღნიშნა სალუქვაძემ.

თაია არდოტელი