ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 ოქტომბერს, ბრალდებულმა, შემდგომი გასაღების მიზნით, გორში შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი, რომელიც განათავსა მისსავე მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და გადაზიდა თბილისის მიმართულებით, რა დროსაც იგი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ამოღებულია „DUBAO“-ს ფირმის, 4 999 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 21 000 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.